დავით ბერძენიშვილი – საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, უნიჭო ტყუილია

იმაზე საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, არის ტყუილი, თან უნიჭო ტყუილი, – აღნიშნული განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მისამართით ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
მცოცავი ოკუპაციისა და მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიერ მიღების საკითხი დღეს ბიუროზე მწვავე კამათის თემად იქცა.
“როცა ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს მყისიერ განცხადებას, ამის შემდეგ იმაზე საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, ეს არის ტყუილი, თან უნიჭო ტყუილი. ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის ბანერი ბატონებო, დადგმულია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს. ბანერი სხვაგან კი არ არის გადმოწეული – თუ არ იცით, გაიგეთ, ხოლო თუ იცით – ნუ ტყუით! ვიმუშაოთ სერიოზულად. ბოლო-ბოლო თქვენი დანატოვარია პრობლემის ბევრი ნაწილი, რაც გვაქვს. არ გამოვა ისე, რომ რაიმე მორალურ-პოლიტიკური უპირატესობით გველაპარაკებოდეთ”, – მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ბერძენიშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის პროექტი შესთავზა, რომლის განხილვაც და სესიაზე გატანა დღეს, დღის განმავლობაში მოითხოვა. უმცირესობის შეფასებით, შექმნილი ვითარება სწრაფ რეაგირებას ითხოვს და პარლამენტმა რეზოლუციის მიღება არ უნდა გადადოს.
თავის მხრივ, უმრავლესობის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს არა აქვს უფლება იმისა, მცოცავი ოკუპაციის საკითხზე ერთიანი, შეჯერებული რეზოლუციის მიღება ვერ შესძლოს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციის მიერ ცალმხრივად მომზადებული რეზოლუციის პროექტი კამათსა და არაერთიანი პოზიციის დემონსტრირებას გამოიწვევდა. ამიტომ მათ კოლეგებს შესთავაზეს, დოკუმენტზე მსჯელობა ჯერ პარლამენტის შესაბამისს კომიტეტებსა და კომისიაში გამართულიყო და შემდგომში გასულიყო სესიაზე რეზოლუციის შეჯერებული პროექტი.
საკითხმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის მწავე კამათი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა
შემდეგი სტატიაპროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს