დავით ბაქრაძე – კვიპროსი რიგის სამიტამდე ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

კვიპროსის მხარე რიგის სამიტამდე ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს კვიპროსის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ მიიღო დაპირება, რომ კვიპროსი სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ მოლოდინთან დაკავშირებით, რაც საქართველოს გააჩნია რიგის სამიტთან დაკავშირებით.
კვიპროსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, იოანის კასულიდისთან გამართა.
მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი და მოლოდინები განიხილეს. რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და არსებული საგარეო გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა რიგის სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის. იოანის კასულიდისმა დაადასტურა კვიპროსის მზაობა სამიტზე საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის მხარდაჭერის თაობაზე. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. კვიპროსულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციებმა გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ასევე, შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან (ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას) პროდრომოს პროდრომუსთან, კვიპროსის რესპუბლიკაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ალექსანდრა ატალიდესთან და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ჯორჯ მარკოპულიოტისთან.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ კვიპროსის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთახმების ფარგლებში საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში“ლუფთჰანზა” ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 50 000 ევროს გადაუხდის
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან უცნობმა პირებმა ყვავილები, ფოტოები და სანთლები წაიღეს