,,დავდგეთ ყველა ერთად, მოვითხოვოთ ხელისუფლების შეცვლა,, ირინა სარიშვილი

,,მეორე დღეა, ვაკვირდები რუსთავი 2–ის რეპორტაჟის გარშემო ატეხილ ისტერიამდე მისულ ვნებათაღელვას, ვკითხულობ რიხიან თუ პრეტენზიებით სავსე კომენტარებს და ერთი რამე ვერ გამიგია: რა გვიკვირს, რამ აღგვაშფოთა ან დაგვაიმედა ამ რეპორტაჟში?!
დავიწყოთ პრეტენზიებით, რომელსაც რუსთავი 2–ის მოწინააღმდეგეები გამოთქვამენ აღნიშნული რეპორტაჟის მიმართ:

1. მშიერი ხალხი ადრეც იყო, როცა ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში. რატომ მაშინ არ ამოუღია რუსთავი 2–ს ხმა?
2. ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო;
3. რა უბადრუკია ის ხალხი, რომელიც გაჭირვებაზე მოთქვამს, ზოგს ალბათ ფულიც გადაუხადეს, რომ ასე ელაპარაკა; ფულით თუ უფულოდ, როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს ხალხი, რუსთავი 2–ს არ უნდა დაელაპარაკოს, არც უნდა თქვას რამე ისეთი, სულიც რომ გაძვრეს, რაც ნაცების ნათქვამს ემთხვევა.
________

არც მე ვარ რუსთავი 2–ის მეხოტბე, თან ბევრად უფრო სტაჟიანი ვარ
ნაცების და რუსთავი 2–ს კრიტიკაში, ვიდრე ბევრი თქვენგანი, ისინიც, ვინც ნაცების ხელისუფლების დროს შიშით გამარჯობას ვერ მეუბნებოდით და დღეს გულზე მჯიღს იცემთ. ერთი რამე გამაგებინეთ თქვე დალოცვილებო: რუსთავი 2 სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ტელევიზია არ არის, კერძოა, არც სახელისუფლებო რუპორია. ის ყოველთვის ტენდენციური იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაშინაც როცა ნაცები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც, როცა ოპოზიციაში არიან. რა, ეხლა გაიგეთ??? ის, რომ ოპოზიცია გამოიყენებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას სათავისოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, თქვენთვის ახალია??? თქვენ რა, სხვანაირად იქცეოდით როცა ხელისუფლებისთვის იბრძოდით??? ის დამშეული ადამიანები, ვინც გუშინ რუსთავი 2–ზე იყვნენ, რას ამბობდნენ, ვერ გაიგეთ??? თითქმის ყველა “ოცნების” აქტიური მომხრე იყო 3 წლის წინ! და რატომ ვუჭერდით მხარსო “ოცნებასო”, ვერც ეს გაიგონეთ?! იმიტომ რომ ბიძინას მილიარდების იმედი გვქონდაო! და რას თხოვთ ეხლა ამ ხალხს, დღეს რომ მშიერია და უსახლკარო, მიკროფონებს რა აწერია, იმას უყუროს, როცა ვინმე ეკითხება, როგორ ხარო??? თუ მოგონილია ეს ხალხი და არ არსებობს??? იყოს რუსთავი 2 ტენდენციური, ეს ხალხი ხომ მართლა არსებობს??? და არა მარტო ბაზრობებზე!!! ეგებ ამან შეგაწუხოთ და არა იმან, რომელ ტელევიზიაზე გავიდა სიმართლე??? პოლიტიკურ ბრძოლაში თუ ხართ ჩაბმულები, თან გუშინდელი ოპოზიციონერები, დაგავიწყდათ პოლიტიკოსები როგორ ებრძვიან ერთმანეთს??? ლანძღვა–გინებას და ჭკუის სწავლებას, გვერდით რომ დაუდგეთ ამ თქვენს მიერვე გადაგდებულ ადამიანებს, არ აჯობებს??? რისი გეშინიათ? თქვენი აზრი ნაცებისას არ დაემთხვეს??? თუ დაგავიწყდათ და არ იცით, შეგახსენებთ პოლიტიკური ბრძოლის ანბანს: ოპოზიციონერები, თუნდაც ძულდეთ ერთმანეთი, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეები ხდებიან, დროებითი მაინც, მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ! პრეტენზიებიც ხელისუფლების მიმართ ერთნაირი აქვთ! და თუ ოპოზიცია ერთმანეთს დაუწყებს ჭამას, რაც ტრადიციაა უკვე საქართველოში, ამით ისევ ხელისუფლება ისარგებლებს და ოპოზიცია სუსტდება! თან თქვენ პირველ რიგში, რადგან ნაცები, უნდა ვინმეს თუ არა, მაინც ყველაზე ორგანიზებული ძალაა დღეს საქართველოში, თან ამაში ლომის წილი დღევანდელ რეგვენ ხელისუფლებას მიუძღვის! ამდენს ვერ ხვდებით??? ან იქნებ ნაწილი ხვდება კიდეც და შეგნებულად ეხმარება ამ გზით ქოცებს ხელისუფლების შენარჩუნებაში! ასეთ ვითარებაში თქვენი პრეტენზიები გაღატაკებული მოსახლეობის მიმართ სასაცილოა, სხვა თუ არაფერი! საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჟურნალისტებს იმასაც საყვედურობენ, გაქათქათებული პერანგებით რატომ მივიდნენ გაჭირვებულ ხალხთანო! თქვენ თვითონ არ გეცინებათ ასეთ პრეტენზიებზე??? ხელისუფლება, რომელსაც თქვენ ნებით თუ უნებლიედ ეხმარებით, გაპარტახებულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სულს ღაფავს შიმშილისგან, მილიონებად შეფასებულ თბილისის პანორამის პროექტის განხორციელებას აპირებს, რომლითაც ისევ ისინი ისარგებლებენ, თქვენ კი ჟურნალისტი ჭუჭყიანი პერანგით რომ არ დადის, ამაში ხედავთ ხალხის შეურაცხყოფას??? ტენდენციურები არიანო, ამბობთ. არიან, კი, და არც მალავენ! ნუ მისცემს ხელისუფლება ამის მიზეზს, ნუ ეყოლება ამდენი გაუბედურებული ადამიანი, და ვერ გაკეთდება მაშინ ეს რეპორტაჟებიც!!!

და ბოლოს, მათ გასაგონად, ვინც მზარდი უკმაყოფილების ფონზე ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა:
როგორი იდეაც არ უნდა გქონდეთ და რა კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა გამოძრავებდეთ, არ დაგავიწყდეთ: მშიერი მასა მხოლოდ დროებითი დასაყრდენია ხელისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. მას კუჭი მართავს და არა იდეა. ამიტომ გონიერმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხალხი მშიერი არ ყავდეს, თუ ხალხის სიყვარულით არა, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მაინც! ხომ ხედავთ: ოპოზიციის დღევანდელი დასაყრდენი მასაში გუშინდელი “ოცნებისტები” არიან და ხვალ ამ მასას თქვენს წინააღმდეგ მოატრიალებს თქვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური გაერთიანება, თუ ისევ მშივრებს დატოვებთ!

სოციალური აფეთქება ყველაზე საშიში მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას ჯერ არასდროს არავისთვის სიკეთე არ მოუტანია! დღევანდელ ხელისუფლებას თავისი არნახული სიბრიყვით და ღორობით ყველაფერი აქეთკენ მიყავს! გამოსავალი ერთია: თავი დავანებოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას, რითაც ისევ ამ ხელისუფლებას ვეხმარებით, დავდგეთ ყველა ერთად, მოვითხოვოთ ხელისუფლების შეცვლა და არ დავუშვათ ქვეყანაში სოციალური რევოლუცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს! ამ ნანგრევებში ყველა მოვყვებით , გვახსოვდეს!,, წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“ინვესტიციების დიდი ტალღა შემოვა ივნისსა და ივლისში,” – ემზარ ჯგერენაია
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისისთვის გადაიდო