გურჯაანში გამგებელმა სამსახური დეიდაშვილს, რძალს, ნათლულს და მეგობრებს დააწყებინა

გურჯაანში გამგებელმა სამსახური დეიდაშვილს, რძალს, ნათლულს და მეგობრებს დააწყებინა. ანტიკორუფციული ჯგუფის მიერ ორ დღეში შეგროვებული ინფორმაციის ნაწილი დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საზოგადოებას რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში წარუდგინა.

გამგებელ გივი გიორგაძის დეიდაშვილი, ვანო ქუმსიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. გამგებლის ნათლული, ლალი ხაჩიშვილი, მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე მუშაობს. გივი გიორგაძის მეგობარი, გიორგი იმერლიშვილი, კი ოპოზიციის ინფორმაციით ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.

ასევე, ოპოზიციის ინფორმაციით, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი გამგებლის რძალი, ირმა გაბუნიაა.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ზაქარია ანანეიშვილი სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურის უფროსია, მისი ცოლი კი გურჯაანის ნომერ პირველი სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

აუდიტის სამსახურის უფროსი, თორნიკე წინწალაშვილია. მისი ძმის ცოლი თინათინ გეწაძე კი საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებს.

დურმიშხან ამისურაშვილი გურჯაანის რაიონის გამგებლის მეგობარია და ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. მისი სიძე კი ვანო შავლიაშვილი სახანძრო სამსახურის უფროსია. სახანძროს უფროსმა კი მისი ნათესავი ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად დანიშნა.

ნადირაშვილი ვრცელი განცხადების გაკეთებას ხვალ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გეგმავს.

დაპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია გურჯაანის რაიონის მსგავსად ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას შეისწავლის და საზოგდაოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

banner
წინა სტატიაშიზემანი: პუტინი თვითმკვლელი არ არის, რომ ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხას
შემდეგი სტატიასააკაშვილმა უკრაინის ფრონტის ხაზი მოინახულა (VIDEO)