გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში მიიწვია

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის ცნობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე და საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიიწვია.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ხაზი გაუსვა გიორგი მარგველაშვილის პერსონალურ როლს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობებია როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, თუმცა კიდევ არსებობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პოტენციალი.
“რაც შეეხება კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, თურქმენებსა და ქართველებს შორის დიდი ისტორიული ურთიერთობებია, ჩვენ ბევრი საერთო ტრადიცია გვაქვს – პატივს ვცემთ უფროსებს, გვაქვს მდიდარი კულტურა და ა.შ. ვფიქრობ, შესაძლებელია სამომავალოდ კონტაქტების გაღრმავება კულტურისა და ხელოვნების სფეროს მუშაკებს შორის და იმედი მაქვს, ისინი გამოიყენებენ ამ პოტენციალს”, – განაცხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.
გიორგი მარგველაშვილმა, თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიულოცა დაბადების დღე და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
“კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ დააბადების დღე და გავიხსენო ის დაუვიწყარი წუთები, რაც ჩვენ გვქონდა თქვენთან ვიზიტისას სულ რამდენიმე თვის წინ და ის საინტერესო ხედვები, საქართველოს, თურქმენეთისა და მთლიანად რეგიონის განვითარების შესახებ, რომელზეც საუბრის შესაძლებლობა გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიზიტების ინტენსივობა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობას ახალ იმპულს მისცემს, ხოლო რეგიონს შთამბეჭდავ შესაძლებლობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიააშშ-ს მთავრობამ ფიფას ჩინოვნიკების ამერიკაში ექსტრადირება მოითხოვა