გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს, რომლის თანახმად, ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მათივე განმარტებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიწმინდა ცეცხლს თბილისში 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ
შემდეგი სტატიახვალ მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს აღნიშნავს