გუგული მაღრაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან” ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის გაშუქებას ითხოვს

გუგული მაღრაძე

დეპუტატი გუგული მაღრაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან” ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის “სათანადოდ ასახვას” ითხოვს. ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება მაღრაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დააფიქსირა.
დეპუტატის შეფასებით, “ხშირად სათანადო ასახვას ვერ ნახულობს მუშაობა, რასაც ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეწევა”.
“ერთ-ერთ გაზეთში პარლამენტის გარეთ მყოფმა ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაციის წევრებს არ იცნობენ, არ საქმიანობენ და ასე შემდეგ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი დელეგაციის წევრები საკმაოდ კარგადაც მუშაობენ და საკმაოდაც იცნობენ. თუკი არ გიცნობენ, ისე არ დაგასახელებენ. მაგალითად მე, წინა სესიაზე გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გავხდი. ასევე პარლამენტის სხვა წევრები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან არჩეული. ასე რომ, როცა იქ 520 დეპუტატია და საქართველოს პარლამენტის დელეგაციიდან საპასუხისმგებლო პოსტებზე არიან არჩეული, ეს იმას ნიშნავს, რომ იცნობენ, აფასებენ. ეს იმის ბრალია, რომ თუ კერძო ტელევიზიებს ვერ მივმართავთ, “პირველმა არხმა” სათანადოდ უნდა გააშუქოს არა მხოლოდ ის კინკლაობები, რაც იქ შეიძლება მოხდეს, არამედ ის, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ კომიტეტებში და როგორ ვმუშაობთ. 20-მდე გამოსვლა მაქვს საპარლამენტო სესიაზე, რაც არასდროს არ ასახულა. პარლამენტის წევრების მიმართ რომ არ იყოს მსგავსი ბრალდებები, “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან”, რომელსაც ჩვენ საკმაო თანხებს ვაძლევთ, მოვითხოვ სათანადოდ ასახოს პარლამენტის წევრების მუშაობა და ქვეყნის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა. ტელევიზიები მხოლოდ სკანდალზე აგებული არ უნდა იყოს”, – განაცხადა მაღრაძემ სესიაზე.

banner
წინა სტატიაში“biletebi.ge”-მ უეფას სუპერთასის თამაშისთვის ბილეთების გაყიდვა განაახლა
შემდეგი სტატია“ახალი პოლიტიკური ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს