გუგული მაღრაძე: არ გვინდა შევქმნათ კანონი და ადამიანებმა იფიქრონ როგორ აუარონ მას გვერდი

a15105დეპუტატი გუგული მაღრაძე არც თუ ისე შორეულ წარულში  „ქალთა“ პარტიას ხელმძღვანელობდა. მდედრობითი სქესის საკითხებსა და პრობლემებზე მუშაობას დეპუტატი ახლა პარლამენტის ტრიბუნიდან და გენდერული თანასწორობის საბჭოს საშუალებით ახერხებს.  მიკერძებულები არ ვიქნებით თუკი ვიტყვით რომ გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის“ კომიტეტის რეკომენდაციების შესახებ და მათ შესრულებაზე ყველაზე მეტი ინფორმაცია და გეგმა სწორდ მას აქვს. როგორ ხედავს რეკომენდაციებში დასახელებული პრობლემების მოგვარების გზებს დეპუტატი  ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

  • ჩვენი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად მოემზადა იმ შეხვედრისთვის, რომელიც წინა წლის ზაფხულში, ჟენევაში ჩატარდა. საკმაოდ დიდი დელეგაციით ვიყავით წარმოდგენილები. პროცესში ყველა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა ვინც ზოგადად რეკომენდაციების ადესატია. ჩვენს ანგარიშში მოცემული იყო ის თუ რა გაკეთდა წინა ოთხი წლის მანძილზე რეკომენდაციების გასათავლისწინებლად. აღინიშნა გარკვეული წარმატებებიც. კერძოდ ის რომ საკანონმდებლო დონეზე ჩვენ საკმაოდ კარგი ბაზა გვაქვს იმისთვის, რომ ქალთა წინააღდგედ მიმართული ქმედებები აღმოიფხვრას. კერძოდ გვაქვს გენდერული თანასწორობის კანონი, და სამოქმედო გეგმა, გაეროს რეზულიცია 2003–2025 განხორციელების გეგმა, ოჯახური ძალადობის კანონი. CEDAW–ს 58 სესიაზეც მოგვცეს რეკომენდაციები.  რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ხაზგასმულია ადრეული და იძულებითი ქორწინებების პრობლემა; სელექტიური აბორტი; კონტრაცეპტივებზე ხელმიუწვდომლობა და  მედპერსონალისთვის  კონტრაცეპტივების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. ქალბატონო გუგული რა კეთდება ან იგეგმება რომ გაკეთდეს იძულებითი და ნაადრევი ქორწინებების აღმოსაფხვრელად?
  • ჩვენ კანონში სპეცილური მუხლი გვაქვს, რომელიც  ქორწინების იძულების აღმოსაფხვრელად არის მიმართული.  ძალიან გამკაცრებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იძულებითი ქორწინებისთვის.  სრულასაკოვანის იძულებითი ქორწინებისთვის  2 წლამდე ციხეა გათვალისწინებული; არასრუწლოვანის ქორწინებისთვის  4 წლით თავისუფლების აღკვეთა.  საზოგადოებრივად სასარგებლო უსასყიდლო შრომა კი მასქიმუმია ჩართული.  ეს ცვლილებები თავისთავად იქნება გარკვეული საშუალება ადრეული ქორწინების საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგეს საზოგადოება. იმიტომ რომ ფაქტობრივად ადრეული ქორწინება ეს იძულებით ქორწინებაა. 12–13 წლის მოზარდს,  ბავშვს არ აქვს გათვიცნობიერებული რა არის  გათხოვება და ქორწინება.  განსაკუთრებით რთული ვითარება ამ კუთხით ეთნიკური შემადგენლობის მქონე რაიონებში  გვაქვს,  იქ  თითქმის პრაქტიკაა ნაადრევი ქორწინება.  ამის გამო დიდია  საშუალო სკოლებიდან გოგონათა განთესვის მაჩვენებელი. გოგონა ქორწინების გამო ვერ ამთავრებს  სკოლას,  არ აქვს ცოდნა, არ აქვს კვალიფიკაცია, შესამბისად დაჩაგრულია ოჯახში და ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, გადაჯაჭვულიც კი.
  • რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოთ ინფორმაცია, რომ ნაადრევი და იძულებითი ქორწინება კანონით დასჯადი გახდა?
  • ვფიქრობთ დიდი და საგულისხმო მუშაობა უნდა იყოს გაწეული, რათა მოსახლეობამ  გააცნობიეროს რომ ეს დანაშაულია და საკმაოდ მკაცრად ისჯება.  ამ მუხლის ამოქმედება  გადავწიეთ  პირველ მარტამდე, იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ დიდი საგანმანათლებლო კამპანია ყველგან და განსაკუთრებით იმ რაიონებში სადაც ნაადრევი ქორწინება გავრცელებული პრაქტიკაა. ინფორმაცია უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომ შეიცვალა კანონი და ადრეული ქორიწინება ისჯება. ჩვენთან 18 წელი არის ქორწინების ასაკი. გამონაკლისია 16 წელი თუ სასამართლო უშვებს ამ გამონკლისს. ხშირად კი ხდებოდა ფაქტები რომ არარულწლოვანი ქორწინების რეგისტრაციისთვის შესაბამის ორგანოში მხოლოდ მას შემდეგ მიდიოდა, რაც ბავშვი შეეძინებოდა, მერე იხდიდა ჯარიმას და აფორმებდა ქორწინებას. ახლა ასე მარტივად აღარ იქნება.  მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს დანაშაული.  ამისთვის ვგევმავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სერიოზულ კამპანიას. სომხურ, აზებაიჯანულ ენებზე უნდა ვთარგმნოთ კანონი. გვინდა თითოეულ სოფელში და სკოლაში შევიდეთ. სკოლის დირექტორს, მასწავლებელს მოსწავლეს, მშობელს გავაგებინოთ რომ ეს კრიმინალური ქმედებაა და ისჯება კანონით .
  • ქალბატონო გუგული რას გვეტყვით სელექტიური აბორტების პრობლემაზე? სად ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გზებს?
  • CEDAW-ს ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია ქვეყნად სადაც სელექტიური აბორტების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველა 111ბიჭზე 100 გოგონა იბადება. სამომავლოდ კი ძალიან სერიოზული დისბალანსი იქმნება.  ეს ხელს უშლის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასაც და დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებას – ერის გამრავლებას.  ამიტომ გარკვეული ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული. თუმცა  არ ვთვლი რომ რაიმეს აკრძალვა შედეგს გამოიღებს. მე მგონია, რომ  მენტალობასთან არის საბრძოლველი. რას ნიშნავს რომ ვაჟი უფრო მეტი იბადება და ქალებს უფრო მეტად იშორობენ?!  ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ჯერ კიდევ არ არის გათვიცნობიერებული. კანონით ეს საკითხი დარეგულირებულია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამის აღიარება არ ხდება. სწორედ ამის მაჩვენებელია  სელექტიური აბორტების მაღალი მაჩვენებელიც. ამიტომაცაა კოპლექსური სამუშაო ჩასატარებელი. სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად სკოლაც ხელს უწყობს მანკიერი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ჩვენის მხრივ დაგეგმილი გვაქვს საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება, კვლევის წარმოება, კამპანიის HE FOR SHE-ს ჩატარება.  წორედ მამაკაცებმა უნდა შეუწყონ ხელი გენდერულ თანასწორობას. ძალიან კომპლექსური პრობლემაა.
  • სოფლის ექიმების გადამზადებასა და მათთვის კონტრაცეფციული საშუალებების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდებაზე რას გვეტყვით?
  • გენდერული თანასწორობის საბჭო აღნიშნულ საკითხზე  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მუშაობს.  დღეს უფრო იმპლემენტაციის საკითხი დგას.  ამას  საკანონმდებლო დონეზე რაიმე მოწესრიგება არ სჭირდება.   მე მაგალითად აბორტების აკრძალვას არასდროს დავუჭერ მხარს, რადგან ეს უკუშედგების  მომტანია. უმჯობესია საგანმანათლებლო პროგრამებით გავაგებინოთ ქალს რატომაა აბორტი მისი ჯანმრთელობისთვის ცუდი. ადრეულ ასაკში ბავშვის გაჩენა დამღუპველია გოგონას ორგანიზმისთვის. ამიტომაც კონტრაცეფცია ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული.  ოჯახის დაგეგმვა უნდა ისწავლოს ქალმა და აბორტი არ უნდა იყოს ერთადერთი გამოსავალი. სოფლად ჯანდაცვის სერვისების მთავარი წარმომადგენელი სოფლის ექიმია. სწორედ მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას: თუ კონტრაცეპტიულ საშუალებას გამოიყენებს აბორტს აირიდებს თავიდან. სოფლის ექიმები უნდა გადამზადდნენ და მათ უნდა მიეწოდოთ სათანადო პრეპარატები. კონტრაცეფცია და  თავდაცვითი საშუალებები  შეიძლება უფასოდაც მიეწოდოს მოსახლეობას. ეს არ არის ისეთი ხარჯი, რომ არ ღირდეს მისი გაღება. თუ საჭიროა ამ საკითხის მოგვარებაში უფრო აქტიურადაც ჩავერთვებით.
  • ქალბატონო გუგული, რეკომენდაციების შესრულების პროცესში არასამათავრობო ორგანიზაციების როლზე მინდა გკითხოთ.
  • ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი გაეროს შესაბამისი ორგანიზაციებია. იმიტომ რომ მათ თავიანთ სამოქმედო გეგმაში უზით ეს მიმართულებები. სიმართლე რომ ვთქვათ ფინანსურადაც მნიშვნელოვანი წყაროა. კი  ჩვენ შეზღუდულ ბიუჯეტი გვაქვს თუმცა ჩვენც რაღაცეებს  ვაკეთებთ:  სოფლის ექიმების  ხელფასების ზრდას, პირობების გაუმჯობესებას ვგულისხმობ, მაგრამ უცხოური არასამთავრობოები გვეხმარებიან რომ შევძლოთ მეტის გაკეთება.  გარდა ამისა ჩვენი პარტნიორები არიან არასამთავრობოები რომელთაც თავიანთი საქმიანობის მიზნებში აქვთ რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების როლი.

 

  • როგორ ფიქრობთ მომავალი სესიისთვის ყველა რეკომენდაციის შესრულებას შეძლებთ?
  • იმ სფეროში რაც მომსახურებასა და განათლებას ეხება შევასრულებთ. მენტალობის პრობლემა კი დარჩება, რადგან მასთან საბრძოლველად 2–3 წელი საკმარისი არ არის. თუმცა იმედი გვაქვს რომ გაფართოვდება საზოგადოების ის ჯანსაღი და გაცნობიერებული ნაწილი, რომელიც თავის საქმედ ჩათვლის აწარმოოს ასეთი ტიპის პროპაგანდა, თავის ირგვლივ, რათა საზოგადოებას  უფრო ჯანსაღი ცნობიერება ჰქონდეს.
  • და ბოლოს, როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა მომზადდეს ერთი კანონი რომელიც მთლიანად დაარეგულირებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს?
  • მე მიმაჩნია ცოტა რთული იქნება ასეთი კანონის შექმნა. ჯობს როდესაც თითოეული სფერო თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე შემოიტანს ცვლილებებს. ყოვლის მომცველი კანონის შექმნა რთულია. თუმცა უნდა ვნახოთ, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა მივიღოთ კანონი რომელსაც აღსრულება ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მხოლოდ იმ მომენტებს გამოვყოფთ საკანონმდებლო დონეზე რომლის აღსრულებაც აუცილებელია.   ჩვენ რომ მაგალითად ჩავდოთ კანონში ისეთი რამ, რაც პირდაპირ ადამიანის ცნობიერებას და მენტალობას დაუკავშირდება ამის განხორციელება გაგვიჭირდება. არ გვინდა შევქმნათ კანონი და ადამიანებმა იფიქრონ როგორ აუარონ მას გვერდი.

მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს დაკვეთით

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში პარლამენტის გადაყენებები არ მიგულისხმია
შემდეგი სტატიამოსკოვი უკრაინაში შტურმისთვის ემზადება! ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული.