გორში 2008 წლის ომიდან მეშვიდე წლისთავი აღინიშნება

7 და 8 აგვისტოს გორში 2008 წლის ომიდან მეშვიდე წლისთავი აღინიშნება. როგორც “თაიმერს” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 7 აგვისტოს 21:00 საათზე სანთლების ტრადიციული აქცია იგეგმება , რომელიც წელს ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად კომბინატის ხიდთან არსებულ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან გაიმართება. აქციაზე სანთლებთან ერთად ჰაერში მანათობელ ფრანებსაც გაუშვებენ.
8 აგვისტოს ღონისძიებები 09:00 საათიდან საკათედრო ტაძარში დაიწყება, სადაც გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია აღავლენს წირვას. წირვა 12:00 საათზე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდით გაგრძელდება გოგებაშვილის სკვერში მდებარე წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში.
11:00 საათზე ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ ქალაქში არსებულ მემორიალებს (აგვისტოს ომში დაღუპულთა და გმირების მემორიალები გორის საკათედრო ტაძართან, ვერხვებზე არსებული ე.წ. ჭურვების მემორიალი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალი საბრძოლო დიდების მუზეუმთან, აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი კომბინატის ხიდთან).
13:30 საათზე იგეგმება გამგზავრება სოფელ შინდისში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ შინდისის გმირთა მემორიალს.
ომის მეშვიდე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 17:00 საათზე კომბინატის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაგრძელდება, სადაც გორში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებები დასრულდება ფეხბურთის ამხანაგური მატჩით. ერთმანეთს შეხვდებიან გორის მერიის თანამშრომლებითა და ამპუტანტებით დაკომპლექტებული გუნდები. შეხვედრა 20:00 საათზე ჭალის დასახლებაში მდებარე ხელოვნურ საფარიან სტადიონზე გაიმართება და აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 150 000 ლარი გამოეყო
შემდეგი სტატიამდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი 4 თვით დაიკეტება