გოკა გაბაშვილი: დღევანდელი ხელისუფლება მართლა ისე უნდა წავიდეს, რომ არც ერთ ხეს ფოთოლი არ ჩამოვარდეს

დღევანდელი ხელისუფლება მართლა ისე უნდა წავიდეს, რომ არც ერთ ხეს ფოთოლი არ ჩამოვარდეს, – აღნიშნული განცხადება დეპუტატ ნუკრი ქანთარიას პასუხად გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
გაბაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ღია მუქარაზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე დამთავრებულია. “ჩვენ ნუკრი ქანთარიას სახით შიშისგან გონებაგადამცდარი ხელისუფლება ვიხილეთ, რომელიც ხელებისა და ფეხების დამტვრევის მუქარაზეა გადასული. რომელ მედია თავისუფლებაზე ვსაუბრობთ ამ ხელისუფლებასთან, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მზად არის და ქვეყანა აქეთკენ მიჰყავს. მხოლოდ ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ქვეყანაში და არა – ამათზე”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან აღნიშნა ისიც, რომ “ქანთარიამ არა თუ ქვეყნის არჩევნებში, არამედ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის არჩევნებზე დანა გახსნა და კოლეგა დაჭრა”. “ნუკრი ქანთარიასა და მისი იდეოლოგიის მქონე ხალხისთვის მნიშვნელობა არა აქვს ქვეყანა საით წავა. მათთვის მნიშვნელოვანია ბოღმა, შურისძიება და საზოგადოების ნაწილის მტრად გამოცხადება”, – აღნიშნა გაბაშვილმა.
როგორც ქანთარიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მას, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს გადასცდება, “ხელები, ფეხები მოემტვრევა და კბილები ჩაემტვრევა, თუნდაც ყველაზე ჰუმანური კანონით”. დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები გააფრთხილა, მივიდნენ ყოველ ხესთან და ილოცონ, რომ ზედმეტი ფოთოლი არ ჩამოვარდეს და მათ არ დაბრალდეთ. ქანთარიას თქმით, მათ უნდა აირჩიონ ან პოლიტიკურ ველში დარჩენა ან “პარაშასთან” ჯდომა.

banner
წინა სტატიაშიბრიუს ენდრიუსი: აშშ იყო საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც დარჩება
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს