გოდერძი ჩოხელი პირველად ახმეტელის თეატრის სცენაზე

გოდერძი ჩოხელი პირველად ახმეტელის თეატრის სცენაზე

გოდერძი ჩოხელი პირველად ახმეტელის თეატრის სცენაზექართულ თეატრში პირველად დაიდგა გოდერძი ჩოხელი, ახმეტელის თეტრმა პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. „ბედისწერის თეატრი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის ინსცენირების ავტორია საბა მეტრეველი. ჩვენ დავუკავშირდით მას, რომელმაც ასე განგვიმარტა:
„ღმერთია მოწამე, მხოლოდ კეთილი მწვავე სურვილი მქონდა (და არა პირველობის ჟინი), რომ ჩოხელი შემოსულიყო ქართულ თეატრში, მისი სიტყვის სავანე და საუფლო გამხდარიყო ქართული სცენაც. გოდერძი ჩოხელის სულისშემძვრელი მოთხრობები ან, თუნდაც, მისი კინოხელოვნება, დიდი ცადაზიდულიმთებითშემოფარგლული, ბევრის სულშია ჩარჩენილი როგორც ბედისწერა, როგორც იმედი, ნისლისფერი სევდა და დაუძლეველი სიყვარული. გული მწყდებოდა, ქართულ თეატრს რომ აკლდა ეს მადლი. თავად რამდენჯერ სთხოვეს და ყოველთვის უარს ამბობდა: ჩემი მოთხრობების ადგილს სცენურ სივრცეში ვერ ვხედავო. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ დრამის აუცილებელი კანონზომიერება მოქმედების შინაგან ექსპრესიაში, კონფლიქტსა და კონფლიქტის განვითარებაშია. გოდერძი ჩოხელის კინომოთხრობები კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მეც მივხვდი ამას, მაგრამ, როგორი უტიფარი უნდა იყო, იმას შეერკინო, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია (არადა, როგორი უცხოა ჩემი ხასიათისთვის ამ ტიპის რადიკალიზმი).

გოდერძი ჩოხელი პირველად ახმეტელის თეატრის სცენაზე
გოდერძი ჩემი ახლობელიც იყო, თითქოს ისეთი მესაიდუმლე, უთქმელად რომ უგებ. ერთხელ, ზუსტად 2 ოქტომბერს (მაშინ ტელევიზიის პირდაპირი ეთერით საქართველოს მივულოცე მისი დაბადების დღე) დამირეკა და მითხრა: მეგონა, ჩემს სათქმელს ამბობდი, წინასწარ ვგრძნობდი, რასაც იტყოდიო.
ჰოდა, ოდესღაც მისგან წაქეზებული, ახლა გავთავხედდი და მისი სათქმელის თეატრის ენაზე გადატანა გადავწყვიტე (თუნდაც ეს ყოფილიყო ლიტერატურული თეატრის მსგავსი). მადლობა ირაკლი გოგიას, რადგან დაუფიქრებლად, ისეთივე ალალმართლობითა და გულწრფელი სიხარულით აიტაცა ჩემი სურვილი, როგორიც გოდერძის პერსონაჟებს სჩვევიათ. ინსცენირების ორი ვარიანტი დავწერე და ამ ხნის განმავლობაში მეც ვცხოვრობდი ამ პერსონაჟებთან ერთად.ჩემთვის მთავარი იყო, სცენაზე დამენახა გოდერძის ენაზე მეტყველი და მოაზროვნე გმირები – მართლები, გულუბრყვილონი, ამ ცხოვრების ჭუჭყსა და ბოროტებას განრიდებულნი, უცნარნი და საყვარელნი…
ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რომ ახლოს მივსულიყავით გოდერძი ჩოხელის სულიერ სამყაროსთან, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაბადებულ მშვენიერთან და ამაღლებულთან მის შემოქმედებაში. არ მეგულება დიდი და პატარა როლი ჩვენს სპექტაკლში. ყველას ჰქონდა თანაბრად მნიშვნელოვანი ფუნქცია, – ეს იყო ერთი ანსამბლი ერთი დიდი იდეითა და საფიქრალ-სატკივარით შეკრული. მადლობა მთელ შემოქმედებით კოლექტივს!

გოდერძი ჩოხელი პირველად ახმეტელის თეატრის სცენაზე
გავა დრო, ეს სპექტაკლი ახმეტელის თეატრის ისტორიის ნაწილად იქცევა და ისინი იქნებიან მაინც პირველები, გოდერძი ჩოხელი რომ გააცოცხლეთ სცენაზე და, თუ რამ დავაკელით მის სიღრმესა და სიდიადეს, გვაპატიოს გოდერძის მართალმა სულმა!“
სპექტაკლის რეჟისორები არიან ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი, როლებს ასრულებენ: გვანცა კანდელაკი, გიორგი ცხადაძე მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, ლიკა ქუთათელაძე, ნინო ციმაკურიძე, თამთა პატაშური, თამარ ბეჟუაშვილი, გია და ჯაბა ჯაფარიძეები, ბექნუ ქაფიანიძე და სხვები.
პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. მაყურებელმა უკვე მოასწრო გოდერძი ჩოხელის ბედისწერის თეატრში მოთამაშე პერსონაჟების შეყვარება.
გელოდებათ ახმეტელის თეატრში გოდერძი ჩოხელთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სიამოვნება!

ბერდია კალანდია

გოდერძი ჩოხელი პირველად ახმეტელის თეატრის სცენაზე choxeli2 choxeli3 choxeli4 choxeli5 choxeli6

banner
წინა სტატიაშირა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები?
შემდეგი სტატიადუნჰუანგი – აბრეშუმის გზის ანტიკური ადგილი (ფოტოები)