გიორგი ცაგარეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი საიდუმლო კონსულტაციები არ მიმდინარეობს“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხთან მიმართებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ განმარტა, ასეთი კონსულტაციები არც მომავალში იგეგმება.

„ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე, ყველა საშუალებით ცდილობს როგორმე ჩვენი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს არის მათი უახლოესი სანუკვარი მიზანი. მუდმივად ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე სახის კონსულტაციები გავმართოთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს რა თქმა უნდა შეგნებულად კეთდება, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ტალახი ესროლონ და თავის მართლების მდგომარეობაში ჩაგვაყენონ. ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვჭირს, მით უმეტეს იმაზე, რაც არ გაგვიკეთებია და არც მომავალში გავაკეთებთ. ეს გამოიცხულია. დაწყნარდნენ ჩემი კოლეგები, განსაკუთრებით პარლამენტში და მიხედონ საქმეს. ჩვენ მედიისთვის დასამალი არაფერი არ გვაქვს. არავითარი საიდუმლო კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქართველი ხალხის ზურგს უკან არ მიმდინარეობს. ეს არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. ვის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ეს გეგმა, მე ნათლად წარმომიდგენია, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ამასთან, დეპუტატი ბეჭდური მედიით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ბრიუსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ცაგარეიშვილის განმარტებით, ირაკლი ალასანიას ნებისმიერი მივლინება ყოველთვის უსაფუძვლო ეჭვებს ბადებს.

„არავითარი შეხვედრა არსად არც ბრიუსელის მეტროში, არც ავტობუსში, არც ტროლეიბუსში შემთხვევით, არც ბორტზე რეგისტრაციის დროს მიხეილ სააკაშვილთან არ იგეგმება“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება სურს. მისი წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო მათ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის ბევრი წევრიც დაუჭერენ მხარს. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე „თავისუფალ დემოკრატებთანაც“ მართავს კონსულტაციებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მთავრობის იმპიჩმენტი არარეალურია.

banner
წინა სტატიაში,,ამაოდ უხარია იმას ვინც თვლის რომ ქვეყანაში ცოტაა უკმაყოფილო,, აცხადებს პეტრე კოლხი
შემდეგი სტატიარასთან დაკავშირებით დაკითხეს ”რეფორმირების ცენტრის” წევრები შსს-ში?