გიორგი ღვინიაშვილი – პოლიცია ისეთ პირობებშია, რომ შესაძლოა, მას კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეშინოდეს კიდეც

“ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, განმარტოს, კონკრეტულად რა საფრთხეებს ელოდება მათგან.
ვახტანგ გომელაურის საგაზეთო ინტერვიუს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრის მისვლის საკითხი დასვა.
გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური მისი წინამორბედის ალექსანდრე ჭიკაიძის ტრადიციას აგრძელებს.
“ის პირველივე საგაზეთო სტატიაში აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დესტაბილიზაციის და არეულობის მოხდენას სცდილობს. კარგად ვიცით რას ემსახურებოდა როგორც ჭიკაიძის, ასევე გომელაურის ეს განცხადებები – ისინი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ზრახვებსა და სურვილებს ახმოვანებენ და ამით ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დისკრედიტაცია სურთ. ძალიან სახიფათოა, როდესაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, რადგან ამან მოსახლეობაში შეიძლება პანიკაც გამოიწვიოს. ჭიკაიძემ, რაც მინისტრი იყო ერთხელაც ვერ განმარტა, თუ რას გულიხმობდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არეულობის მოწყობაში. გვაინტერესებს, გომელაური აპირებს თუ არა ამ კუთხით ტრადიციის გაგრძელებას – მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს, თუ რაში მდგომარეობს ჩვენს მიერ არეულობის მოწყობის მცდელობა”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
დეპუტატმა შს მინისტრს ურჩია, ჭორაობის ნაცვლად, კრიმინალს ებრძოდეს, რომელიც ღვიანიაშვილის შეფასებით, “კალეიოდოსკოპური სიჩქარით იზრდება”. ღვინიაშვილი იმასაც ამბობს, რომ “ცხრა წლის განმავლობაში ნაშენი პოლიცია დღეს ისეთ პირობებშია, რომ მას შესაძლოა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეშინოდეს კიდეც”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ერთხელ მაინც დაფიქრდით, რატომ არავის არ სურს საქართველოში ინვესტიციის ჩადება
შემდეგი სტატიაფონდი “იავნანა” ზუგდიდში მცხოვრობ სოციალურად დაუცველ ტასო აკობიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუძენს