გიორგი ღვინიაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დაზარალებულ გლეხებს შხამქიმიკატები დაურიგოს

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს, სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას შხამ-ქიმიკატები და სხვა საშუალებები უფასოდ დაურიგონ, რათა ვაზი გადარჩეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ხელისუფლებას მიმართა.
ღვინიაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოიყენოს წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც ასეთ შემთხვევებში მოსახლეობას შხამ-ქიმიკატები და სხვა საშუალებები უფასოდ ურიგდებოდა.
“კახეთში მოვიდა ძლიერი სეტყვა, რასაც თან დაერთო ქარიშხალი. განსაკუთრებით დაზარალდნენ ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონის სოფლები. ფაქტობრივად, უნდა ითქვას, რომ განადგურებულია მთლიანი მოსავალი. ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა მოახდინოს ზარალის აღწერა და გვერდით დაუდგეს სარჩოს გარეშე დარჩენილ მოსახლეობას. გარდა ამისა, ვიდრე ამას გააკეთებდეს, გაუგებარია ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა, რომელიც არ იყენებს წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც ასეთ შემთხვევებში მოსახლეობას შხამ-ქიმიკატები და სხვა საშუალებები უფასოდ ურიგდებოდა, რათა ვაზი გადარჩენილიყო. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მოსახლეობას გვერდით დაუდგეს და ასეთი საშუალებები შეიტანოს იქ, რათა ვაზი გადარჩეს და მთლიანად არ განადგურდეს”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიამ რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების 7 წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალი ორი დღით საზღვარს კეტავს