გიორგი ქადაგიძე: ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები

საქართველოს “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, აცხადებს, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენება ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩასანაცვლებლად სავალუტო კრიზისს ვერ დაძლევს და პირიქით, მას კონტრპროდუქტიული შედეგი მოჰყვება.

ამის შესახებ ქადაგიძემ მის მიმართ წამოწყებული კრიტიკის საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს, რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით წლების განმავლობაში და წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობისა,” – განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, კრიტიკა იმის თაობაზე, რომ სავალუტო რეზერვები არ იქნა გამოყენებული ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნებისათვის, უსაფუძვლოა, რადგან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ამას საერთაშორისო მაგალითებიც მოწმობს.

ქადაგიძემ მოლდოვისა და აზერბაიჯანის შემთხვევები მოიყვანა, სადაც ერთი და 2 მილიარდიანი სავალუტო ინტერვენციის მიუხედავად, სავალუტო კრიზისი ვერ შეჩერდა, აზერბაიჯანმა კი გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება კურსის თავისუფალ, მცურავ რეჟიმში გადაყვანის შესახებ და წინა პარასკევს აზერბაიჯანული მანათი ასევე გაუფასურდა 34%-ით.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ის და მისი გუნდი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენენ.

„ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 1990-იანი წლების დასაწყისში და იმავე შეცდომების დაშვებას არ ვაპირებთ. მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, ვიდრე მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში და ჩვენ არ დავუშვებთ იმ შეცდომების გამეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიმეორა,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: ჩვენი არგუმენტების გაზიარების ნაცვლად, მივიღეთ შეკვეთილი სტატიების ნიაღვარი
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე ხელისუფლებას “ეროვნულ ბანკზე” თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს