გიორგი მღებრიშვილი: უჩა ნანუაშვილი გვაოცებს თავისი ნოვაციური აღმოჩენებით

giorgi mgebrishvili

ბატონი უჩა გვაოცებს თავისი ნოვაციური აღმოჩენებით, – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ანგარიშს პარლამენტში , სადაც პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე იყო საუბარი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის მისაღებია ობიექტური კრიტიკა და არგუმენტირებული რეკომენდაციები, თუმცა როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამინისტროში არ ფიქსირდება.
“ყოველთვის ვამბობდი და განვმეორდები, რომ ობიექტური კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, აბსოლუტურად მისაღებია არგუმენტირებული რეკომენდაციები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. რაც შეეხება, ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობებს, რაზეც საუბარი იყო პარლამენტში, ასეთი ტიპის განცხადება ჩვენს სამინისტროში საერთოდ არ შემოსულა, ერთიც კი არ ფიქსირდება. ვთქვი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თუ რამე გააკეთა მსჯავრდებულებისთვის, გააკეთა ის, რომ დაუბრუნა მათ ღირსება და არა იმიტომ, რომ ის უკან წავართვათ. ჩვენ ვდგავართ თითოეული ადამიანის ღირსების სადარაჯოზე”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა ბათუმი #3 დაწესებულებაში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევების დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახავია. უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათ შორის სასჯელაღრულების #5 დაწესებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
“მიუხედავად იმისა, რომ #5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც რა თქმა, ღირსების შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს”, – განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა “დინამოსა” და “გაბალას” მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი მიმდინარეობს (ფოტო)