გიორგი მუსხელიშვილი – ირაკლი ალასანიასთან პარტიის დატოვების შესახებ კონსულტაციები გვქონდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გიორგი მუსხელიშვილი არ აკონკრეტებს, რა შეუთავსებლობა არსებობდა პარტიაში მათი ფრაქციის მიმართ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები აპირებენ შექმნან დამოუკიდებელი ფრაქცია და არ აპირებენ შეუერთდნენ უმრავლესობას.
“თუ რა გახდა პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, ეს ჩვენი შიდა საქმეა, ჩვენი ურთიერთობები არ გვინდა გავასაჯაროოთ”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.
მუსხელიშვილმა არ დააკონკრეტა რა საკითხებზე ვერ შეჯერდნენ და რა შეუთავსებლობა არსებობდა პარტიაში, რის გამოც, ისინი საკრებულოში “თავისუფალ დემოკრატებს” აღარ წარმოადგენენ.
მუსხელიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათ ახალ ფრაქციაში 3 წევრი იქნება და ფრაქციის შექმნას უახლოეს პერიოდში აპირებენ. თუმცა, რა სახელი ერქმევა ფრაქციას, გიორგი მუსხელიშვილს არ დაუკონკრეტებია.
გიორგი მუსხელიშვილის განმარტებით, პარტიის დატოვების შესახებ მათ კონსულტაციები ჰქონდათ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანიასთან.
“საუბარი ყოველგვარი ექსცესების გარეშე შედგა და გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურად დავშორებოდით ერთმანეთს”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.
“მე არ ვთვლი, რომ საკრებულოში უნდა მოხდეს საკითხების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რასაც აკეთებს უმცირესობა. მე ამას საჭიროდ არ ვთვლი. როცა ხარ მაჟორიტარი, ეს ფაქტობრივად სამეურნეო საქმიანობაა, რომელმაც თბილისის მერიის მიერ შესრულებული სამუშაოები უნდა გააკონტროლოს. ამიტომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ ამომრჩეველზე და ხალხზე, რომელთაც უნდა ჰქონდეთ ნორმალური პირობები ქალაქში საცხოვრებლად. მე ვთვლი, რომ საქმე უნდა გავაკეთოთ და არა პოლიტიკური განცხადებები”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, “თავისუფალი დემოკრატების” სიით შესული გიორგი ახვლედიანი ახალ ფრაქციაში აღარ შევიდეს. გიორგი ახვლედიანი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს მიმართავს
შემდეგი სტატიაჯარისკაცების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა