გიორგი მოსიძე: ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდია

ინტელექტ-კლუბი არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან და მითუმეტეს, არ “მიდის პოლიტიკაში”, – განცხადებას ამის შესახებ გადაცემის – “რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“ინტელექტ-კლუბი “რა? სად? როდის?” არის აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც განსხვავებული (მათ შორის პოლიტიკური) შეხედულებების 10 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. ეს არის ტიპური კლუბი ინტერესის მიხედვით, რომლის ძირითადი ფუნქციაა ინტელექტუალური თამაშების ჩატარება და პოპულარიზაცია. ინტელექტ-კლუბი არ ერევა პოლიტიკაში, არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არ აფიქსირებს პოლიტიკურ პოზიციას და მითუმეტეს არ “მიდის პოლიტიკაში”. ამიტომ ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს.
კლუბის წევრი მოთამაშეების (ჩვენ მათ ვუწოდებთ მოაზროვნეებს) გარკვეული ნაწილი ყოველთვის იჩენდა ინტერესს პოლიტიკის სფეროს მიმართ, ზოგიერთს კი ეკავა და უკავია სახელმწიფო თანამდებობები (გვყავდა მინისტრიც, მინისტრის მოადგილეც, გენერალური პროკურორის მოადგილეც, პარლამენტის წევრებიც და ა.შ.). კლუბის მოაზროვნეები ყოველთვის თავისუფალი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებში და ამ ნიშნით (ისევე როგორც რაიმე სხვა ნიშნით) დისკრიმინაციას კლუბში არასოდეს ჰქონია ადგილი. კლუბის ნებისმიერი მოაზროვნე თავისუფალია თავის პოლიტიკურ არჩევანში, შეუძლია გაწევრიანდეს სადაც სურს, შეხვდეს ვისაც სურს და დააფიქსიროს ის პოლიტიკური პოზიცია, რაც სურს. ეს იქნება მხოლოდ მისი, კერძო პირის პოზიცია და სხვა არაფერი. არავის (მათ შორის მე), არა აქვს უფლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადება კლუბის სახელით, რისი პრეცედენტიც არ დაფიქსირებულა კლუბის არსებობის 24 წლის მანძილზე. ამიტომ, თუ ვინმე არის პოლიტიკური პარტიის წევრი (ასეთები საკმაოდ გვყავს), ან მხარდამჭერი (ასეთები კიდევ უფრო მეტია), ან უბრალოდ ხვდება პოლიტიკოსებს – ეს არის ამ კონკრეტული პირების კერძო ქმედება და სხვა არაფერი. ჩვენი კლუბის ყველა მოაზროვნეს რომელიც იყო პოლიტიკაში, არის ამჟამად ან აპირებს წასვლას მომავალში, ვუსურვებ წარმატებას ამ მეტად რთულსა და საპასუხისმგებლო გზაზე.
ქართული ინტელექტ-კლუბის პირველი არასატელევიზიო თამაში გაიმართა 1991 წლის შემოდგომაზე და რეგულარულად ტარდება დღემდე. სატელევიზიო გადაცემა ეთერში გადის 1996 წლიდან (პაუზით 2002 – 2007 წწ) და ამ 19 წელიწადში შეიძინა საკულტო სტატუსი. უკვე აღიზარდა რამდენიმე თაობა და ჩამოყალიბდა/დამკვიდრდა ქართველი რასადროდის მოაზროვნის პოზიტიური იმიჯი. ქართული ინტელექტ-კლუბი რამდენჯერმე დასახელდა “მსოფლიოს წლის საუკეთესო კლუბად”, ჩვენმა ნაკრებმა მოიგო პრაქტიკულად ყველა შესაძლო საერთაშორისო ჯილდო, მიმდინარე წლის ნოემბერში კი, პირველად ისტორიაში, თბილისი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”. მთელი ეს წლები ინტელექტ-კლუბი იყო და არის სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემისა და პროგრესის სიმბოლო ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში. გამოვხატავ რწმენას, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – აცხადებს გიორგი მოსიძე.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მოსიძე და ინტელექტ-კლუბის რამდენიმე წევრი, შესაძლოა, პარტია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდნენ.

banner
წინა სტატიაში,,თუ რუსეთი უკრაინაში დღეს არ გავაჩერეთ, ხვალ მას მოლდოვასა და ბალტიისპირეთში ვიხილავთ,, აცხადებს დევიდ კემერონი
შემდეგი სტატია“სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ორი თანამშრომელი საბუთების გაყალბებისთვის დააკავეს