გიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზისუბნის დასახლებაში, მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. პრეზიდენტს ახლდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან მიუსამძიმრა ბექა მარგიშვილის ოჯახს. “ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ყველა პოლიციელს, საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამცველი. პოლიცია ჩვენ გვიცავს. მას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ დაცულ სახელმწიფოში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ხარძიანის მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ
შემდეგი სტატიაკიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს დასახმარებლად 25 000 ლარით დაეხმარება