გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა “საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
ამასთან, დღეს ბათუმში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ, რომელმაც ხელმოწერის მიზეზები განმარტა.
“საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია”, – აღნიშნა დავით პატარაიამ.
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4014 ლარი გახდა