გიორგი მარგველაშვილი ხვალ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტი შეხვედრის თაობაზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა, რომლებმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2015 წლის 25 ოქტომბერს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ შეხვედრაზე, ასეთი დიალოგის საჭიროებას დაუჭირეს მხარი.

საქართველოს პრეზიდენტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებსაც, პრეზიდენტთან წინა შეხვედრების დროს, მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც დაკავშირებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დესტრუქციული გარემოს შესაცვლელად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან, პოლიტიკურ პროცესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა და არსებული სამართლებრივი საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ კანონის სრული დაცვით გადაჭრას. მოცემულ პროცესში, მხარდაჭერას იმსახურებს პრეზიდენტის ინიციატივა, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკურ და აპოლიტიკურ გაერთიანებებს, დიალოგის პროცესში მოხდეს მოსაზრებებისა და შეხედულებების დაახლოვება, რათა დაცული იქნეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე ქვეყანაში – სამოქალაქო მშვიდობა“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას 27 ოქტომბერს გადაეცა.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაპროკურორო საბჭო პირველად ხვალ შეიკრიბება
შემდეგი სტატიანიკა გვარამიამ საგანგებნო ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას მიმართა