გიორგი მარგველაშვილი – ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, სირთულემ არ შეგვაცდინოს

ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, არ ავყვეთ ემოციას და სირთულემ არ შეგვაცდინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ შეიცვალოს გზა, რომელსაც საქართველო ადგას. “რაც შეეხება შემდგომ პროცესს. ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთმა ვითარებებმა, პროვოკაციამ, ასეთმა გართულებამ არ შეცვალოს საქართველოს კარდინალური განვითარების გზა და ამაში როგორც დონალდ ტუსკი, ასევე დასავლეთში ძალიან ბევრი გავლენიანი პოლიტიკოსი ჩვენი მხარდამჭერია. რაში მდგომაროებს ჩვენი მიზანი? – საქართველოს აქვს ძალიან ნათლად გამოხატული თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგია, თავისი ორიენტაცია და ჩვენ ნათლად ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაზე. ამასთან ერთად ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ უნიკალურ როლს, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია რეგიონში. როლს, რომელიც არა მხოლოდ ქართველებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი აზიური ქვეყნებისთვის. ამაზე ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ და თუ შევხედავთ იმ დინამიკას, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ (თუნდაც შევხედოთ უცხოეთის ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტებს საქართველოში), დავინახავთ, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? – ეს არის ის, რომ ასეთმა სირთულემ არ შეგვაცდინოს, არ ავყვეთ ემოციას და ხაზი, რომელიც გვაქვს და რომელიც საქართველოს ხვალ მიიყვანს ძალიან სერიოზულ, გეოპოლიტიკური როლის სრულ განხორციელებამდე, არ შეიცვალოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ “რუსეთის პოლიტიკის მიმართ მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია”.
“საერთაშორისო ვიზიტების დროს ჩემი საუბარი იწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების ხსენებით და იმის ხაზგასმით, რომ ჩვენ მოველით მეგობრებისგან ამ პრობლემატიკის სულ უფრო მაღლა აწევას. ამ თვალსაზრისით გვაქვს პოზიტიური დინამიკა. მეორე, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს პარტნიორებთან, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის პოლიტიკის მიმართ მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია. რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა არის ნათლად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული თავისი მეზობლების მიმართ შემდეგი ტექსტით – მისი მეზობლები რუსეთისთვის წარმოადგენენ პრივილეგირებული ინტერესის სფეროს, შესაბამისად, მას აქვს უფლება ამა თუ იმ ფორმით უფრო აქტიური იყოს იქ, სადაც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოები გვაძლევს შესაძლებლობას. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ცხინვალს, სოხუმს, ყირიმს, აღმოსავლეთ უკრაინას, მოლდოვას – იმას, რაც ვნახეთ ამ 20 წლის განმავლობაში. აღნიშნულთან მიმართებაში ჩვენ ასეთ პოზიციაზე ვართ – არ შეიძლება მუდმივად ვრეაგირებდეთ რაღაც კონკრეტულ კრიზისზე. მაგალითად, ახლა მხოლოდ უკრაინაზე ვისაუბროთ და ასე, მეხანძრეებივით შევეცადოთ ჩავაქროთ ხანძრები, როცა გლობალურად რუსეთი საერთოდ უპირისპირდება თავის მეზობლებს და არ აღიარებთ მათ სუვერენულ უფლებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ერთ ფაქტს, რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, როცა საუბარია რუსეთის მეზობლების სუვერენულ უფლებებზე. მაგალითად, როცა საუბარია უკრაინაზე, იქვე უნდა იყოს საუბარი მოლდოვაზე, საქართველოზე და ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც დაირღვა საერთაშორისო სამართალი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე რეზოლუციების ვერც ერთი პროექტი კენჭისყრაზე ვერ გავიდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურს ხვალ პარლამენტში ელოდებიან