გიორგი მარგველაშვილი: ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა

ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა ქალებზე ძალადობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის 2015 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე განაცხადა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ღირებულებები, რომელსაც ქალის პატივისცემა ჰქვია და რომლითაც ქართველები ვამაყობდით, დღეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფება.

“მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, იმ ძალიან აქტიური საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც წარმატებული, თანამედროვე ქვეყანა და მეტი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ იდენტობას და ჭეშმარიტ ღირებულებას, რომელიც ქართველებს გვქონდა და დღესაც უნდა დავიცვათ – ვგულისხმობ ქალბატონების პატივისცემას და მათ როლს საზოგადოებაში. დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირებულება, რომლითაც ვამაყობდით, ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშაა, მისი დაცვა კი იდენტურია ჩვენი ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის. არ შეიძლება ძალადობა სექსუალური ნიშნით, არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის, მკვლელობის და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კუთხით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე ხელფასი და ანაზღაურება, როგორც კაცებს. ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ქალების უფლებები პოლიტიკურად უნდა იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასაუბრო თემატიკაა, როცა ვუყურებ რეალობას – რა არის გადასალახი ჩვენს ყოფაში, სურათი მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის და ჩანს, რომ სამწუხაროდ დასაძლევი ბევრი გვაქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა, მათ შორის აუცილებელია ქალთა როლის გასაძლიერებლად ცვლილებები საკანონმდებლო სივრცეში.

“ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა. აქედან გამომდინარე ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა. პირველი არის ის, რომ ძალადობის მიმართ ძალიან აქტიური უნდა იყოს საზოგადოება, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს აფიქსირებდეს ყველგან და ყველა დონეზე და ეს იყოს ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების დომინანტური თემა. მეორე – მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრომაც ეფექტურად აუწყოს ფეხი ამ ტენდენციას და უფრო დეტალურად იყოს ჩახედული, როცა საუბარია სქესობრივ ნიადაგზე ძალადობაზე. მესამე – ჩვენ ასევე უნდა გავატაროთ ცვლილებები თუნდაც საკანონმდებლო სივრცეში. ამ თვალსაზრისით მე არაერთხელ დავუჭირე მხარი საარჩევნო კოდექსში ქალთა თანასწორობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამას მხარს დაუჭერენ არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცი დეპუტატებიც, ვისთვისაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და საკუთარი თუნდაც მამაკაცობა ვლინდება ქალების დაცვის და მათზე ზრუნვის გამოხატვის თვალსაზრისით.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გადასაწყვეტი და გადასალახი გვაქვს ბევრი რამ, დაწყებული ძალადობით, დამთავრებული პოლიტიკური ინსტიტუტების დასტაბილურებით და დაბალანსებით. ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ ვიქნებით ის, ვინც ვართ – იდენტური ჩვენი ეროვნული ღირებულებების არა ზოგადი დეკლარაციებით, არამედ ყოფის წესით და ასევე ასეთი საზოგადოება ბევრად ძლიერია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და ბევრად უფრო ეფექტურად ვითარდება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გენდერული თანასწორობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი თავად საქართველოს პრეზიდენტიც დაჯილდოვდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები მთელი ევროპისთვის სერიოზული გამოწვევაა
შემდეგი სტატიასაბერძნეთის ფინანსთა მინისტრი გადადგა