გიორგი მარგველაშვილი: საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ ებრაელებთან შეხვედრა გამართა.
როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები საქართველოში არსებული ვითარებით, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული გეგმით და საქართველოს ევროპული არჩევანით დაინტერესდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ებრაელებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ბიზნესის კეთების მაჩვენებლით, ძალიან დაბალია კორუფციის დონე, ლიბერალურია საგადასახადო სისტემა, ამიტომ საქართველოში ინვესტირება მრავალმხრივ სასარგებლოა.
“როდესაც ფიქრობენ საქართველოზე, ფიქრობენ პატარა, 4 მილიონიან ქვეყანაზე, მაგრამ რეალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, რეალურად აქვთ 500 მილიონიანი გასავლელი ევროკავშირის ბაზარზე, ასევე თურქეთის ბაზარზე, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზრებზე. ასე რომ, ის ბიზნესმენები, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ინვესტირებაზე დაახლოებით მილიარდიან ბაზარში აკეთებენ ინვესტირებას და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მილიარდიან ბაზარზე ივაჭრონ”, -აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ებრაელობა ძალიან სერიოზული რესურსია საქართველოსათვის, რადგან ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი აქ ისრაელში და ეს ჯგუფი განსაკუთრებით წარმატრებულ საქმიანობას ეწევა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი დღეს არსებობს, როგორც თანამედროვე სახელმწიფო. საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება საქართველომ უნდა გაიზიაროს. ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივ დონეზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი სახით გამოვლინება და აღნიშნა, რომ მთელი ქართული საზოგადოება იზიარებს იმ ტკივილს, რომელიც ისრაელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს ისტორული არჩევანია, ამ მიმართულებით მიდიოდა ქვეყნის სამივე პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უნდა გაღრმავდეს საქართველო-ისრაელის ურთიერთობები არამხოლოდ ეკონომიკური და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, არამედ განათლებისა და კულტურის მიმართულებითაც.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: არანაირ რეფერენდუმს მნიშვნელობა არ ექნება
შემდეგი სტატიანიკა რურუა: ეს მოსამართლე ასრულებს დაკვეთას, რომელსაც სხვა მოსამართლე არ შეასრულებდა