გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაგვჭირდეს ჩვენი ჯარისკაცების მამაცობის ბრძოლაში ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

ჩვენ, პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დაგვჭირდეს ქართველი ჯარისკაცების ნიჭის, უნარის და მამაცობის ცხოვრებაში და ბრძოლაში ნახვა, თუმცა ყოველთვის უნდა იყოთ ძალიან ფხიზლად, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და მსმენელებს.
გიორგი მარგველაშვილი ცენტრის დაარსებიდან 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაეწრო.
“ჩვენ, პოლიტიკოსები გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დაგვჭირდეს თქვენი ნიჭის, თქვენი უნარის, მამაცობის ცხოვრებაში და ბრძოლაში ნახვა, მაგრამ ამავე დროს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის უნდა იყოთ ძალიან ფხიზლად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ვერავინ შელახავს საქართველოს სიძლიერეს და ღირსებას.
მანვე ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის, რომელსაც იწყებენ სამშობლოსთვის.
“ჩვენი პროფესიონალიზმის ამაღლება გარანტიაა, რომ არასდროს არავის წაუცდეს ხელი ჩვენი სამშობლოს სიმშვიდის შესალახად. თქვენი მომზადება, თქვენი უნარი, ვაჟკაცობა გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული და ჩვენი მოქალაქეების მშვიდი ძილი არასდროს იქნება შელახული. თქვენ დგახართ იქ, სადაც იდგნენ თქვენი მშობლები, სადაც იდგნენ წინაპრები, სადაც არაერთი ქართველი იდგა საუკუნეების განმავლობაში, უდიდესი იმპერიების წინააღმდეგ იდგა ისეთ რეალობაში, როდესაც შეუძლებელი იყო გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველო არსებობს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მსოფლიო რუკაზე გამქრალი იმპერიების ფონზე ქართული სახელმწიფო ამაყად არის დაფიქსირებული და მომავალშიც ასე იქნება, რაც ქვეყნის სამხედრო მიღწევაა.
“თქვენ დგახართ იქ, სადაც იქნებიან თქვენი მომავალი თაობები. ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, რადგან არ გატყდა ჩვენი წინაპრების სული, არ გატყდება ჩვენი სულიც. ამის მაგალითი არის ის, რომ დღეს ვზეიმობთ სახელს საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძისას. თქვენ თქვენი მუშაობით უკვდავყოფთ მის სახელს; ამის მაგალითია, რომ აქ იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, აქ იქნებიან მისი შთამომავლები, მათი შთამომავლებიც და ამის კვალს ვერავინ ვერ წაშლის”, – მიმართა ჯარისკაცებს საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გამოავლინა
შემდეგი სტატიააშშ-სა და ისრაელს შორის ახალი სკანდალი