გიორგი მარგველაშვილი: მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
ამის შესახებ ქვეყნის პირველი პირის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში გიორგი მარგველაშვილი, ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული არჩევანის ურყეობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი ყურადღებას ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატების მნიშვნელობაზე ამახვილებს.

“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა. ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ. დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო მისაღები უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებითა და სტაბილურობით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საქართველო ცდილობს შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ვთვლით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშავლიაშვილის მოადგილე თანამდებობიდან გაათვისუფლეს
შემდეგი სტატიადემურ გიორხელიძე: კომპანიებისთვის და ბიზნესისთვის ძალიან რთული პერიოდი იწყება