გიორგი მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება. ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრის განხილვის თემა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებული საკითხია.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, “თავისუფალი დემოკრატების” აზრით, ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და შეძლებს საქართველოში სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანას.
“ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტის შემოთავაზება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციების თაობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მივიჩნევთ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეროგატივა, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტს აქვს, არის სწორედ ამ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა. ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს საქართველოს პრეზიდენტთან. კონკრეტულ კანდიდატურებზე დღეს ჩვენი მხრიდან საუბარი არ იქნება. კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით შემდგომ ვისაუბრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია, სასამართლოს ახალი თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და შეძლებს საქართველოში სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანას, რომელიც ესოდენ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის პოზიცია, რომ პროცესი მაქსიმალურად ღია იყოს, მისასალმებელია.
შეხვედრას, ირაკლი ჩიქოვანის გარდა, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებიც ესწრეებიან.

banner
წინა სტატიაშიMcDonald’s-ს რასიზმში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიარაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?