გიორგი მარგველაშვილი: ეროვნული ბანკი იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის

არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტი – ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს ვეტო დაადო.
“2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პრეიზდენტს პარლამენტიდან ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს. პროცესში, რომელიც პროექტის განხილვის ირგვლივ მიმდინარეობდა, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიური და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო, როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რომელიც დაკავშირებული იყო კონსულტაციებთან, ასევე არსებული კანონპროექტის შინაარსი. პირველ რიგში ჩვენ კრიტიკას იწვევდა ის, რომ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე – ეროვნულ ბანკზე. ინსტიტუტზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილა საქართველოს კონსტიტუციაშია. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთ-ერთი მნიშველოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშველობაზე, მათი გაფრთხილების საჭიროებაზე, მათ როლზე დემოკრატიულ სისტემაში, არაერთხელ გაკეთებულა აქცენტი და ამ პროცესში აქტიურად კეთდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარები.
“ამავდრიულად, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მონეტარული პოლიტიკის ეფქტიან განხორციელებაზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ცვლილებების შედეგად კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია ეროვნული ბანკისა – რომ ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნცქიონირებას ხელი შეუწყოს, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. გამომდინარე ამ წინაპირობებიდან გადავწყვიტე, რომ ამ კანონპროექტს და თანმდევ პროექტებს დავადო ვეტო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ საქმეზე − „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ − განჩინება გამოიტანა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ანდრო ბარნოვმა პოლიციელებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა