გიორგი მარგველაშვილი – ევროპის უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე ილუზიაა

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

“საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირს პროგრესისკენ მოუწოდებს, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის არსებობისა” , – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო “ფრანს-პრესი”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგობამ ევროპა არ უნდა შეაშინოს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებთან ახლო კავშირები ჰქონდეს.
“ევროკავშირის წამყვანმა ლიდერებმა დამარწმუნეს, რომ არ არსებობს არაფორმალური რუსული ვეტო საქართველოს თავისუფალ არჩევანზე იყოს ევროპის ნაწილი. თუმცა, სამწუხაროდ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით მოახერხა აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგზე დროებით გავლენის მოხდენა. ჩვენ ევროპელმა ლიდერებმა უნდა დავძლიოთ კონფრონტაციის ეს პარადიგმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამ აჩვენა, რომ მას სურს მის ყოფილ მხარდამჭერებს ხელი შეუშალოს დასავლეთისკენ სწრაფვაში და შეინარჩუნოს თავისი გავლენის სფეროები.
“კიევი და დასავლეთი რუსეთს სეპარატისტების სისხლიანი ომისკენ წაქეზებაში ადანაშაულებს უკრაინაში, რომელმაც საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად გასულ წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს. თუმცა, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი შენგენის ვიზების გაცემის საკითხის შესახებ მოსალოდნელი პროგრესის შენელებამ და ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური დაპირების არარსებობამ, მომავალ რიგის სამიტზე სამი ქვეყნის მოლოდინების იმედგაცრუებად ქცევის რისკი წარმოშვა”, – აღნიშნულია სტატიაში.
“მე ველოდები რომ ევროპელი ლიდერები რიგაში დაამტკიცებენ იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახლო კავშირები ევროკავშირთან რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მე ველოდები უფრო მეტს თუმცა, არა ფინალურ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენი გზის შესახებ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კუთხით პროგრესს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაახლოებით ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს კასპიის ნავთობისა და გაზის ევროპულ ბაზარზე გატანის კუთხით, რაც ევროპის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მდგრადობის კუთხით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანებით ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
“უკრაინის კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ევროპის უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე ილუზიაა” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, – თინა ხიდაშელი ვიზა-ლიბერალიზაციაზე
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი – საწვავის ღირებულება ბარელი ნავთობის ფასთან მიმართებაში, სრულიად არაადეკვატურია