გიორგი მარგველაშვილი: არ მგონია, ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს

რეზიდენტის შემცირებული უფლებების გამო, ჩემს გარდა, ყველა გამოთქვამს სინანულს, თუმცა მე ნამდვილად არ მიჭირს ამ უფლებებში , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმეა იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც “დალხენილი და კარგად მყოფი” არ არის, მისი ფუნქცია მოსწონს.
“შეზღუდული აღმასრულებელი ფუნქციების პარალელურად, კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სფერო მოუნიშნა პრეზიდენტს და მე ამ თვალსაზრისით ნაკლულობას არ განვიცდი. მუდმივად არის ლაპარაკი შეზღუდულ უფლებებზე, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. პარლამენტს მუდმივად უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში, ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკაში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ შეამცირა პრეზიდენტის უფლებები და, ამაზე მემგონი ჩემს გარდა ყველა გამოთქვამს სინანულს, ნამდვილად არც მიჭირს ამ უფლებებში. არ მგონია, რომ ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს. მეტიც, ამ თამაშის წესებით თავისუფლად ვიქნები პოლიტიკაში, გავაგრძელებ პოლიტიკაში ყოფნას. ასე რომ, მინდა ეჭვები თუ ჭორები ჩემი პოლიტიკაში არყოფნის შესახებ თავიდან ბოლომდე გაგიქარწყლოთ. საიდან მოდის ხოლმე ეს თემა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა – ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ მე რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ პოსტი, რომელიც უჭირავს, უმნიშვნელოვანესია.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. რა თქმა უნდა, მძიმეა, რადგან მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელშიც არის ასობით ათასი დევნილი საკუთარ მიწა-წყალზე, მე ვარ პრეზიდენტი იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც სერიოზლი გამოწვევების წინაშეა და მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად ემუქრება მეზობელი, თან – ბირთვული სახელმწიფო. შეუძლებელია ამ მდგომარეობაში შენ იყო კომფორტულად, მაგრამ პრეზიდენტი – ეს ფუნქცია და ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს”, – განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ქართული დელეგაციების ვიზიტის მიზანია, საქართველოს პრობლემატიკა მიიტანონ შეერთებული შტატების რადარებთან
შემდეგი სტატიაPACE-ს დეპუტატებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს