გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას წაადგება

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული ინიციატივით ბევრი გაჩერებული მშენებლობა განახლდება. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას წაადგება.

“ისეთი ტიპის ობიექტებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლამდეა გაცემული და დღემდე არ არის დასრულებული, ხდება გადასახადების კუთხით შეღავათების დაწესება. ეს გამოიწვევს იმას, რომ ბევრი შეჩერებული მშენებლობა განახლდება, ბევრ ობიექტს შესაძლოა პარტნიორი გამოუჩნდეს, რომელიც დაასრულებს დაწყებულ მშენებლობას და უდაოდ წაადგება ბიზნესის გამოცოცხლებას მშენებლობის სექტორში. ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელსაც ასეთი ტიპის პრობლემა აქვს. ჩვენ სისტემურად შევაფასეთ ეს პრობლემა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება სწორედ იმიტომ, რომ უამრავ კომპანიას სხვა გამოსავალი არ გააჩნია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერს შეფასებით, სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხეშია, აბაშიძის განცხადება ამას ადასტურებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს