გიორგი გახარია – “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის პროცესში სავალუტო ფონდიც იქნება ჩართული

ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას განცხადებით, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის პროცესში საბანკო სექტორთან ერთად, ჩართული იქნება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი.
ამასთან, გახარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცვლილებების შედეგად მიღებული უნდა იყოს უფრო მაღალი დონისა და მაღალი გამჭვირვალობის მქონე საბანკო საზედამხედველო ორგანო, რომელიც იქნება გარანტორი იმისა, რომ საბანკო სექტრი პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებში არ იქნება ჩართული.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის აზიმ სადიკოვის მოწოდებაა, რომ განხილვის პროცესში ჩართული იყოს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ასევე პირველ რიგში, საბანკო სექტორი, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ეს პროცესი გუშინ დაიწყო, როცა კანონპროექტის ინიციატორებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დისკუსია გავხსენით, რაც საკმაოდ პოზიტიური იყო. ჩვენი მიზანია, მუშაობის პროცესში პირველ რიგში კომერციული ბანკები ჩაერთოს, რადგან ცვლილებები მათ ეხებათ. ჩვენი, როგორც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ერთ მხარეს დავსვათ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მეორე მხარეს ბანკები, რაც გაკეთდა. ყველანაირად ვეცდებით, აზრთა გაცვლისა და თანამშრომლობის შედეგად მივიღოთ მოდელი, რაც ბანკებისთვის კომფორტული იქნება”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გიორგი გახარიამ.
ბიზნესომბუდმენის აზრით, საჭიროა შემუშავდეს მოდელი, “როცა კომერციული ბანკები ამ დავებს შორის – ეროვნული ბანკის შეფასებებსა და მთავრობის დამოკიდებულების გარეთ გავა”.
“ეს კომერციულ ბანკებს არ უნდა ეხებოდეს, რადან ის არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი. ეს პოლიტიკური ბაცილა, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არის… ამისგან კომერციული ბანკები საერთოდ დაზღვეული უნდა იყვნენ. აქ ვხედავთ ძირითად საფრთხეს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება კომერციულ ბანკებს დაიცავს”, – აცხადებს გიორგი გახარია.
მისივე ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე საბანკო სექტორისადმი გაკეთდა შეთავაზება, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოში თავად ორი კანდიდატურა წარმოადგინონ, რასაც კანონპროექტის ინიციატორებმაც დაუჭირეს მხარი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის ეზოში შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – 2016 წლის შემოდგომაზე მაჟორიტარული არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება