გიორგი გაბაშვილი: თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა “აბაროტის” აღება (+ვიდეო)

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 2007 წელს ტელეკომპანია ,,იმედში” შეჭრის ფაქტს ,,ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დიდ შეცდომად და სისულელად აფასებს. ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა,სადაც მედიასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი განიხილეს.

“თუ ვლაპარაკობთ მედიაზე, ვლაპარაკობთ თავისი წარსულით, თავის დღევანდელობით და მომავლით და მე ნამდვილად არ ვაპირებ თავის მოტყუებას, რომ მოდით, ვკონცენტრირდეთ მარტო იმაზე, რაც ახლა ხდება და ყველაფერი დანარჩენი დავივიწყოთ. არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რისთვის ვართ აქ – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აქ ვართ იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ იაროს და არა უკან და არა იგივე და კიდევ უარესი შეცდომები გაიმეოროს. მთავარი კრიტიკული ტელევიზიის განადგურება არის კრიტიკული ხაზი, რომელზეც არავინ თვალს არ დაიბრმავებს. ჩვენს შეცდომებზე გელაპარაკოთ? ძალიან კარგად მახსოვს ეს შეცდომები. ძალიან დიდი სისულელე იყო, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა ამისა არ ყოფილა სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში შესვლა, როცა იძულებულები ვიყავით, საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა და მართლაც “სპეცნაზით” შევსულიყავით კი, ოლიგარქის ტელევიზიაში, ტელევიზიაში, რომელზეც ბადრი პატარკაციშვილი ღიად ამბობდა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოვიყენებო, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომა იყო და ვერავის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებთ და ვერ დავაბრალებდით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ძალიან უხაროდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ეს ასე არ იყო, მაგრამ ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც, ადამ მიხნიკის კომისიაც კარგად მახოვს, ეუთო-ს მომხსენებლებისაც და ელჩების წინასწარი შეფასებები, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შესვლა წითელი ხაზია. თქვენ რა, გგონიათ ამას შენიღბავთ და ქიბარ ხალვაშის სამართლიანობის აღდგენად გაყიდით? მართლა ხომ არ გგონიათ 20/30-ით უყურებს ეს სამყარო მოვლენებს?! ჩემგან რას ელოდებით გითხრათ, რომ 2007 წელს რაც მოხდა, მომეწონა-თქო? არ არის ასე. პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ ამაში, საოცარი რეიტინგის ვარდნა და ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა ამის გამო და მეორედ ეს შეცდომა კი არ გავიმეორეთ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძლიერი ოლიგარქი გვებრძოდა, ქვეყანა უკან კი არ დავხიეთ, “მასთ ქერის” და “მასთ ოფერის” კანონები მივიღეთ. და თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა “აბაროტის” აღება ნიკა გვარამიაზე. ხელისუფლება ხართ ხალხო”, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გიორგი გაბაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=WiuaJGXfmA0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშივიდეო:პოლიციელები ნაგავს ქუჩაზე ყრიან
შემდეგი სტატიაბუნდესტაგმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა