გიორგი აბაშიშვილი – როდესაც რაღაცას გირჩევენ და არ ითვალისწინებ, ხანდახან მეგობრები ბრაზდებიან

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს.
“ვფიქრობ, რომ ამ კუთხით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. ცხადია, მეგობრები ხანდახან ბრაზდებიან ხოლმე, როდესაც რაღაცას გირჩევენ და შენ არ ითვალისწინებ. მეტიც, აკეთებ საპირისპიროს”, – განუცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულმა საკითხმა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა, რომლებმაც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ერთობლივი მიმართვა გამოუგზავნეს. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ მოახდინოს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების რეკომენდაციის მიუხედავად, პარლამენტი შესაბამისი კანოპროექტის განხილვას განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანომ ის პირველი მოსმენითაც დაამტკიცა, პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნულს სამწუხაროს უწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად ერთი წლისთავზე ასოცირების დღის წესრიგი დაირღვა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა აღნიშნული კანონპროექტი. გარკვეულწილად სიმბოლურია, ასოცირებით შეთანხმების გაფორმებიდან, რომ ზუსტად წლისთავზე დავარღვიეთ ასოცირების დღის წესრიგი. ამის შესახებ საუბრობს ოთხი ორგანიზაციაც, რომელმაც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიმართა”, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ისეთი ტიპის კანონპროექტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ბანკს განახორციელოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ვალდებულება და რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას, პრეზიდენტის მხრიდან ყოველთვის ელოდება ვეტო.
“თავისთავად ცხადია, ყოველთვის, როცა შეიქმნება საფრთხე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ყოველთვის, როცა არ იქნება გათვალისწინებული ჩყვენს განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინიციატივები, სურვილები და მოსაზრებები, ყოველთვის, როცა ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენებთ მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას და ყოველთვის, როცა საფრთხს შევუქმნით ეროვნულ ბანკს, განახორციელოს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, იქნება გამოყენებული ვეტო. ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ასეთი ტიპის კანოპროექტს ელოდება ვეტო”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პარლამენტმა დღეს “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კენჭი ეყარა გამომდინარე პროექტებსაც.
ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიათბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს