გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დავაფიქსირეთ, უცვლელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.
“ჩვენი მხრიდან, ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი წინა კომენტარი, რომელიც ამ თემის კომენტირებისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია დღესაც წარმატებით გამოვიყენოთ, რადგან ამ თემაში ახალი არაფერია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. აღარ ვაპირებთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ მიგვაჩნია საჭიროდ, ეს თემა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ყველა ის წინა პოზიცია, რომელიც გვქონდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით, არის უცვლელი და შესაბამისად არის ძალაში”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
“იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა
შემდეგი სტატია„სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-7 დაწესებულება უნდა გაუქმდეს“