გიგლა ბარამიძე: ს არ არის ის კაცი, რომელიც თბილისის სახეს უნდა წარმოადგენდეს

ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მმართველად თბილისის მერი დავით ნარმანია შეუფერებელია.

როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, დღევანდელ ხელისუფლებას პრობლემები ყველა მიმართულებით აქვს, ხოლო ამ ფონზე სხვადასხვა რაიონში მერიის თანამშრომლები მაღალ პრემიებს იღებენ.

ბარამიძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა.

„დღეს მერიის საქალაქო სამსაწურის წარმომადგენელი ჯოკია ბოდოკია თავს უფლებას აძლევს ქრთამი აიღოს. სამწუხაროდ, პიროვნება, რომელსაც ხალხი საკუთარი სოფლის მამასახლისადაც არ აირჩევდა, თბილისს მართავს და ასეთი თანამშრომლები ჰყავს. როგორც წესი, როცა მერს გინიშნავენ და რეალურად არ ირჩევ, ის ვერაფერს აგვარებს ხოლმე“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე მოსაზრებით, ამ ერთი ფაქტის გამო შეიძლება დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს.

„თუმცა როდესაც თბილისი უამრავ შეფარულ საროსკიპოს მიაქვს, დედაქალაქში არის ანტისანიტარია, სატრანსპორტო კოლაფსი და სხვა უამრავი პრობლემა, დგება საკითხი, რომ ეს არ არის ის კაცი, რომელიც თბილისის სახეს უნდა წარმოადგენდეს. მე მის მიმართ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება არ მაქვს, მხოლოდ მის საქმიანობაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფრო ჯოკია ბოდოკია 11 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% – 180 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი აიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ჯოკია ბოდოკია ბრალს არ აღიარებს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, ამიტომ თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ველა მსგავსი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილს აქილიკებს