გიგი წერეთელი: შექმენით ეს მძიმე ვითარება და არავითარი გარანტია არ არის რომ იგივეს არ ჩაიდენთ ხვალ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გაიმართა და რომლის მუშაობაშიც 50-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მთავარ განსახილველ საკითხს რეგიონული უსაფრთხოებისა და მიგრაციის კრიზისი წარმოადგენდა.
აღნიშნულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გიგი წერეთელი, რომელმაც აქცენტი რუსეთის პოლიტიკაზე გააკეთა.
მისი თქმით, სამწუხაროდ რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება და ის მუდმივად სხვაზე გადაბრალებაზეა ორიენტირებული. რის მაგალითადაც რუსეთის დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინი გამოსვლა მოიყვანა.
„ბატონი ნარიშკინი ჩვეულ სტილში ხელს იშვერს სხვისკენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის რა მოხდა საქართველოში 2008 წელს და რა ხდება ახლა უკრაინაში. ამის პარალელურად კი საუბრობთ მშვიდობაზე, დიალოგის აუცილებლობასა და კონსტრუქციაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად შექმენით ეს მძიმე ვითარება და არავითარი გარანტია არ არის რომ იგივეს არ ჩაიდენთ ხვალ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
გიგი წერეთელი ასევე გამოეხმაურა რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართ სავიზო სანქციების საკითხს.
„მესმის, რომ თქვენ არ გსიამოვნებთ როცა სხვა ქვეყანაში არ გიშვებენ, მაგრამ თუ ეს არ გინდათ, ნუ დაიწყებთ ომს მეზობლებთან და ნუ მოახდენთ ტერიტორიების ოკუპაციას. თუნდაც როგორც დეპუტატები მხარს მაინც ნუ დაუჭერთ ასეთ ქმედებებს. თქვენი კონტრიბუცია ამ ორგანიზაციაში არა ფული, არამედ იმ პრინციპებისა და ფასეულობების დაცვა უნდა იყოს, რასაც ეუთო ეფუძნება. თქვენ კი ამას არასდროს აკეთებთ“, – დასძინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.
სესიის ფარგლებში გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან, სპეციალურ წარმომადგენლებთან და პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებთან, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესები, ოპოზიციის ლიდერების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, საარჩევნო კანონმდებლობა და რუსეთთან ურთიერთობები იყო განხილული.
გიგი წერეთელი შეხვდა მონღოლეთის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს, სესიის მზადების პროცესი საქართველოში გაიმართება.

12053183_1644740165810984_1064294779_n

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: ჩვენი პარლამენტი საერთოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა