გიგი უგულავა – ქვეყნიდან წასვლა რომ მდომოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი

უგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს

10 წელი მე პრაქტიკულად ქვეყანას ვმართავდი და ქვეყნიდან წასვლა რომ მდომოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
უგულავას თქმით, მის მიმართ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. “როდესაც ბრალი წამიყენეს, ეს იყო პირდაპირი შედეგი მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის რეპლიკისა ჩემი მისამართით, რომ დამეცვა სუბორდინაცია. რამდენიმე დღეში დაიწყო გამოძიება და დამთავრდა იმით, რომ ბრალი წამიყენეს “თბილსერვისჯგუფისა” და “იმედის” ეპიზოდზე. როცა პროკურორი საუბრობს ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ყველა თქვენი ბრალდება, ბატონებო, ჩემს მიმართ არ გულისხმობს თანხების მითვისებას, მე მედავებით გაფლანგვას”, – განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.
მისივე თქმით, როდესაც დაიწყო მზადება მერობის არჩევნებისთვის, მან შეგნებულად გადაწყვიტა მერობის კანდიდატი არ ყოფილიყო. “სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო კანდიდატს თბილისში გაუჭირდა. ვიღაცამ თქვენი ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ მე ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებდი. ალბათ ეს ვარაუდი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც მე პასპორტი გამიუქმეს და თავიდან შევიტანე პასპორტი ყველა საელჩოში. როგორც ჩანს, მე ვიყავი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს გარემოება აღიქვეს ისე, რომ მე ქვეყნიდან წასვლას ვაპირებდი”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“ჩირიკბას თურქეთში ჩასვლა განხორციელდა აბსოლუტურად არაოფიციალურ ფორმატში”
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გამოწვევის საკითხზე ბიუროს ხვალ მიმართავს