გიგი უგულავა: იმიტომ, რომ ივანიშვილის “ჩმორი” გახდა ეს უწყება, მე ვრჩები პატიმრობაში

უგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს

სასამართლო ივანიშვილის “ჩმორი” გახდა, – ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომის დატოვებამდე განაცხადა.
უგულავამ უარი თქვა ბრალდებულის ვინაობის დადგენის მიზნით მოსამართლის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოში სამართლებრივ პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ხოლო სასამართლო დარბაზი მისთვის პრესკონფერენციების ოთახია.
უგულავას თქმით, სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმ მოტივით მიდის, რომ გააკეთოს განცხადებები, მოინახულოს ოჯახის წევრები და მეგობრები.
“არ ვაპირებ სასამართლოსთან თანამშრომლობას, რადგან სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე. ჩემი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გავიდა 2 აპრილს, ჯემალა კოპალიანის მეოხებით კი, ვრჩები კვლავ პატიმრობაში”, – განაცხადა გიგი უგულავამ, რაზეც მოსამართლის მხრიდან შენიშვნა მიიღო, თუმცა მან მოსამართლის მისამართით გააკეთა განცხადება.
“აიტანეთ იმიტომ, რომ კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავთ. ნება იბოძეთ და კრიტიკული განცხადება მოისმინეთ. საერთო სასამართლოებმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნაა, ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, თუკი პირს არ უმტკიცდება დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. თუმცა იმიტომ, რომ ივანიშვილის “ჩმორი” გახდა ეს უწყება, მე ვრჩები პატიმრობაში”, – განაცხადა უგულავამ. მან პროკურორები ჩინელ ტურისტებს შეადარა.
“ჩინელი ტურისტებივით ხუთ-ხუთი პროკურორი დადის ხოლმე პროცესზე, ახლა მოვიდა ერთი, რადგან უნდათ, რომ პროცესი გადაიდოს. ჩემი, ვანოს და ყველას დაპატიმრება რომ პოლიტიკური მოტივით მოხდა, ეს ყველამ თქვა. სასამართლო კი სირაქლემას პოზიციაშია. ამის შემდეგ ნუ ითხოვთ პატივისცემას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს მისი წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის შესახებ. უგულავა აცხადებს, რომ იმედი არ აქვს, რომ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგოლობას დააკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.
“საერთო სასამართლოები კონსიტუციები დავლურს ცეკვავს, მანტია არის ჩვეულებრივი ჭინჭი, ჭილობი იქნება თუ ტილო, ესეც თქვენზეა დამოკიდებული. პატივისცემა უნდა დაიმსახუროს შინაარსმა და არა ჭინჭმა. ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებ. როდესაც ახლობლები მომენტარებიან, მაშინ მოვალ. ამ ტაკიმასხარაობას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილობით”, – მიმართა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს გიგი უგულავამ.
მოსამართლეს მისთვის შენიშვნის მიცემა სურდა და უთხრა, რომ ესმოდა უგულავას ემოციური მდგომარეობა, რაზეც უგულავამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მოსამართლის მიმართ.
“ემოციური ფონი თქვენ უნდა გქონდეთ, რომ დავლურს ცეკვავთ კონსტიტუციაზე. არ ვაპირებ პოლემიკაში შემოსვლას, არაფერს არ წყვეტთ თქვენ. უარს ვაცხადებ სამართლებრივ ნაწილში პროცესებში მონაწილეობაზე”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვას, სასამართლო შეგნებულად არ ახდენს 3 აპრილის შემდეგ, რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ შუამდგომლობა განხილული უნდა ყოფილიყო წინასასამართლო სხდომაზე რომელიც დღეს ტარდება, მანამდე კი ვინაიდან პროცესის გადადება მოხდა, დაცვის მხარის მოთხოვნის განხილვა ვერ ხდებოდა.
განცხადების გაკეთების შემდეგ გიგი უგულავას ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ამის შემდეგ განცხადება გააკეთა 7 ნოემბრის საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ უგულავამ და მერაბიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, სხდომა დატოვეს დარბაზში დამსწრეებმაც. პროცესი მხოლოდ მხარეების მონაწილეობით გრძელდება.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი: ამ ხელისუფლებას რამდენიმე კრუნჩხვა კიდევ ელის
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა