გიგი გიგიაძე: ევროკავშირიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა

სანქციებთან დაკავშირებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ევროკავშირიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა , – ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის განცხადებებზე მიერთების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
“გრძელდება მუშაობა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ კუთხით აღსანიშნავია ევროკავშირის საგარეო განცხადებებზე საქართველოს მიერთების საკმაოდ დადებითი დინამიკა. 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებული 187 განცხადებიდან, რომელიც საქართველოს გამოეგზავნა, ჩვენ 141-ს მივუერთდით. არ მივუერთდით 46 განცხადებას. რაც შეეხება სანქციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული ევროკავშირის 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა, ხოლო არ მიერთებია 12 განცხადებას”, – აცხადებს გიგიაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დააზუსტა, რომ საუბარია სანქციებზე, “რომელიც მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენას და აქტუალურ საკითხებს ეხება, რომელიც ანაღვლებს ევროპას და ევროკავშირს და აინტერესებს მასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია”.
მისივე ცნობით, სანქციებთან დაკავშირებული ინფორმაცია ღიაა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიაირინა აგრბა: ახლანდელმა ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა