გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

მთავარი პროკურატურა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 2006 წლის 2 მაისს ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას„ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. კერძოდ:
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა – დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.

შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი – დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი.
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი.

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი უკანონო დაკავებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ირაკლი ფირცხალავა გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25-ე, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, გიორგი ცააძე გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში – მკვლელობა ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.

გამამართლებელ და ასევე დანიშნული სასჯელის ნაწილში განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში შეიკრიბა 30 ტომი სისხლის სამართლის საქმის მასალა და მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევასაც სასამართლომ დაუთმო თითქმის 4 თვე. პროკურატურის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურდა რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ კორტების სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო დანაშაულის აღკვეთასა და დამნაშავის შეპყრობასთან, რადგან ეს იყო დანაშაულთან ბრძოლისას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სახელით შენიღბული მაღალი თანამდებობის პირების მიერ, პირადი ანგარიშსწორების მოტივით ჩადენილი სასტიკი მკვლელობა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თავისთავად ცხადია, სახელმწიფო გადატრიალებას არავინ გულისხმობს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილისგან და არც რომელიმე მისი მეობრისგან არც მე და არც ჩემს კომპანიას არც ერთი ლარი არ მიგვიღია