გედევან ფოფხაძე – სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას

მარეგულირებელმა კომისიამ ბალანსი უნდა დაიცვას – ადამიანის უფლებები იმის გამო არ უნდა დაირღვეს, რომ წინ ვიღაცის კომერციული ინტერესი დგას , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო გადახედვის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
სესიაზე, სადაც დღეს სემეკის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს, დეპუტატების მხრიდან ყურადღება სხვადასხვა საკითხებს შორის, ტარიფების მოსალოდნელ გაზრდაზეც გამახვილდა.
როგორც ამასთან დაკავშირებით ფოფხაძემ აღნიშნა, თუკი ბალანსი ირღვევა, ე.ი. მარეგულირებელი კომისია თავის როლს კარგად ვერ ასრულებს.
“მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ბალანსი კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის. ჩვენ გვინდა, ეს ბალანსი იყოს დაცული. ჩვენი გამოსვლები მხოლოდ ამას ემსახურება და ყველა კითხვა მიმართულია აქეთკენ. მომხმარებელი ზარალდება და ზარალდება უსამართლოდ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. არის ეს მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში და უფლებამოსილების ფარგლებში?! თუ არის, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ და მივუთითოთ მას იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებები ამ საკითხში არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებიმიერი სხვა საკითხი. როცა ბუნებრივი მონოპოლისტები ჩნდებიან, მათ ავტომატურად უჩნდებათ ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა პირდაპირ აზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეს, აზარალებს იმ საზოგადოებრივ წესწყობილებას, რომელშიც ვცხოვრობთ. არ შეიძლება საუბარი დემოკრატიაზე, თუ ჩვენ მოქალაქეებს საძიძგნად გადავცემთ კომერციულ, იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მონოპოლია და აქვთ საშუალება, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებით მანიპულირება მოახდინონ”, – განაცხადა ფოფხაძემ პარლამენტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მეთაურთან და დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაAC/DC-ის დრამერს პატიმრობა მიუსაჯეს