“გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრზე ძალიან მალე საქმე აღიძრება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გარემოს დაცვის სამინისტროს ყველაზე უშედეგო უწყებად აფასებს და აცხადებს, რომ სამინისტრო კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს გასცემს.

როგორც გოგი თოფაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტრო ხშირ შემთხვევაში იღებს კანონს, რომელიც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება და მაგალითად მოჰყავს, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოსვლა საქართველოში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს იმდეი აქვს, რომ ახალი მინისტრი აღნიშნულ შეცდომებს გამოასწორებს.

“ასეთ უშედეგო სამინისტროს, როგორიც არის გარემოს დაცვის სამინისტრო სხვას ვერ ჩამოვთვლი. შემიძლია მოვიყვანო ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ავიღოთ თუნდაც ევროკავშირთან ასოცირებაზე რომ საუბრობთ სულ, თქვენ თვითონ ღებულობთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამას აკეთებს თქვენი მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს და აღიძრება საქმე ძალიან მალე, რომელმაც თავისი უკანაკნელი ბრძანებით, კანონსაწინააღმდეგოდ მისცა საშუალება, ასობით ტონა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შემოსულიყო საქართველოში. ყოფილ მინისტრზე ვსაუბრობ, ახალი მინისტრი, იმედი გვაქვს ამას გამოასწორებს”, – განაცხადა თოფაძემ .

ცნობისთვის საქმე ეხება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის 2015 წლის 24 აპრილის N198 ბრძანებას, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“. მინისტრმა, შესაბამისი ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალში ძირითადად სოიოა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოებს მერების რიგგარეშედ დაბარების უფლება შესაძლოა, შეეზღუდოთ
შემდეგი სტატიარესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი მუშა გარდაიცვალა