გამოცემა China Daily-ში ირაკლი ღარიბაშვილის წერილი გამოქვეყნდა

ჩინურ გამოცემა China Daily-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი: “საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას” გამოქვეყნდა.
წერილში ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მთავრობის მეთაური საქართველოს უწოდებს ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელ სახმელეთო და საზღვაო პუნქტს, რომელიც ევროპისთვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ. პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.
“საქართველო, როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელი სახმელეთო და საზღვაო პუნქტი, ევროპისათვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის, მათ შორის, ასოცირებისადა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. რადგანაც ჩინეთის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი გადის ევრაზიის მთელს კონტინენტზე, საქართველოს მდებარეობა იძლევა მსოფლიოს ორი უმსხვილესი სავაჭრო რეგიონის დაკავშირების შესაძლებლობას. მე ამ კვირის განმავლობაში ჩინეთში ვიქნები, რათა უფრო გავაძლიერო კავშირი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც ბუნებრივად გადის თბილისზე.
საქართველოს მთავრობა ამაყობს ჩინეთთან კავშირების გამყარებით. ბოლო წლების განმავლობაში არსებითად გაიზარდა ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან. 2014 წელს ჩინეთი რეიტინგით მესამე უდიდეს წყაროდ იყო აღიარებული საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.
ამ კვირაში პეკინში ჩამოვედი, რათა გავაძლიერო უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის და განვიხილო სამომავლო თანამშრომლობის ახალი გზები. ჩინეთის უმაღლესი პირები ახლახან ეწვივნენ საქართველოს. 15-16 ოქტომბერს, თბილისში, აბრეშუმის გზის პირველ ფორუმზე, საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის სამთავრობო პირებს, ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ჩინეთის 300-მდე ბიზნესლიდერს. ღონისძიება მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა და გაზარდოს ინვესტიციები ახალ აბრეშუმის გზაზე და მთელი მსოფლიოს ბიზნეს წრეებს აჩვენოს საქართველოსმიერ შემოთავაზებული უნიკალური შესაძლებლობები.
წელს, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” ყოველწლიურ შეხვედრაზე და ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პირველ შეხვედრაზე, რომელთაც საქართველომ უმასპინძლა, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებლის, სტრატეგიულ მდებარეობას. გასულ თვეში ჩვენ თბილისში ვუმასპინძლეთ მაღალჩინოსნებს 57 ქვეყნიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციობანკის” მოლაპარაკებების საწყისი რაუნდის ჩასატარებლად და მისი პირველი პრეზიდენტის, ჯინ ლინქუნის ასარჩევად.
საქართველო იყო იმ 45 ქვეყანას შორის, ვინც შეუერთდა “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს”. ჩვენ გვჯერა, რომ ბანკი გაზრდის განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობას და დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან -“მსოფლიო ბანკთან”, “აზიის განვითარების ბანკთან” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” თანამშრომლობაში.
საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის ახალ პროექტს – “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი”, რომელიც იძლევა სტრატეგიულად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასაღრმავებლად. ამ ინიციატივაში ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.
ჩვენ, როგორც რეგიონის ლიდერმა ქვეყანამ, კიდევ უფრო გავაღრმავეთ თანამშრომლობა ჩინეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან, რათა მოგვეხდინა სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირება და ახალი მარშრუტების გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ მულტიმოდალური ბლოკმატარებლის პროექტს შეეძლება, ტვირთი, უსაფრთხო და ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით, რეკორდულ დროში გადაზიდოს ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში.
სატარიფო პოლიტიკაში შიდა რეფორმებმა, ისევე, როგორც ტექნიკურმა რეგულაციებმა, საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ პოლიტიკად აქცია. როგორც რეგიონალურ ბიზნესკერას, საქართველოს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ვაჭრობა ყველა მეზობელთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა; 2014 წელს, პირდაპირიუცხოური ინვესტიციები გაიზარდა 86.6%-ით და შეადგინა 1.75 მილიარდამდე აშშ დოლარი, რაც ყველაზე დიდი შემოდინება იყო 2007 წლიდან. ამ რეიტინგებს აძლიერებს ძალიან პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები – საქართველო მე-15 ადგილზეა”მსოფლიო ბანკის” რეიტინგში იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წარმოება მარტივია, ხოლო “Heritage Foundation”-ის ბოლო კვლევის თანახმად, ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, 22-ე ადგილზეა მსოფლიოში.
დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიის მდგრადი განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო არხებისა და ვაჭრობის მასშტაბის გაძლიერებაზე. ევრაზიის კონტინენტზე ევროპისა და ჩინეთის დასაკავშირებლად საჭიროა დერეფანი. საქართველოსა და ჩინეთს, ერთობლივი მუშაობით, შეუძლიათ ახალი აბრეშუმის გზა აქციონ ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის ნამდვილ ძალად. ჩემი ქვეყანა იმედოვნებს, რომ ჩინეთთან მეგობრობა ხანგრძლივი და პოზიტიური იქნება და დაეხმარება ჩინურ ბიზნესს საქართველოში, ევროპასა და ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ თავისი მიზნების მიღწევაში”, – წერს პრემიერ-მინისტრი წერილში.
წერილის თარგმანს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ მიიღებენ
შემდეგი სტატიაპოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება