“გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული”

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული და გაზიარებული.
როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან, საქართველში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ; 16 ივლისს კი ეუთო-ში გაიმართება პოლიტიკური კომიტეტის სესია, რომელზეც საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი შედგა ასევე საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის. ბერუჩაშვილი ხაზს უსვამს, საბერძნეთთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო საჭირო იყო დონალდ ტუსკის ყოფნა ბრიუსელში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში.
“ყველა ეს რესურსი მობილიზებულია დროულად. ეს არის ჩვენი სამუშაო რეჟიმი. გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი და ყველა ტრიბუნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, როგორც საფრთხე არამარტო საქართველოსთვის, არამედ საფრთხე რეგიონისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის, კარგად იყოს გაზიარებული და შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია: მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა
შემდეგი სტატია“გაზის სუნი იყო, 3 დღე რეკავდნენ, მაგრამ არ მოვიდა არავინ”