გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილებაგალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულის შესახებ ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. განათლების სამინისტრომ უკვე გამოსცა.
„შესაბამისი ბრძალება უკვე გაცემულია და 1 სექტემბრიდან იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობენ, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება. უკვე მომზადებულია სახელმძღვანელოები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება და გალის რაიონში, ქართული ენა სრულიად იქნება სასწავლო პროცესიდან ამოღებული.
ესაა სრულიად აშკარა რუსიფიკაცია, თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე და მცდელობა, მოხდეს იმ ადამიანების ასიმილაცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა რამდენიმე დღე გავიდა რაც ე.წ. მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს მხრიდან არავინ ამას არ გამოხმაურებია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას და სთხოვს პაატა ზაქარეიშვილს, ზურაბ აბაშიძეს და თამარ სანიკიძეს, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე.
იმ ფონზე, როცა ხელისუფლება დეკლარირებს რუსეთთან დათმობის პოლიტიკას, აუხსნელია რატომ აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას რომ დაუსჯელად აწარმოოს თავდასხმა ქართულ მოსახლეობაზე და შეუზღუდოს მათ ქართულ ენაზე სწავლება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: “აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ მისი ე.წ. განათლების მინისტრის მეშვეობით გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება გალის რაიონის სკოლებში 1 სექტემბრიდან სწავლების მასიურად რუსულ ენაზე გადაყვანის შესახებ! აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების(განსაკუთრებით მთავრობის და მისი მესვეურის) აქტუალური თემებისადმი ,,მუდმივი სიჩუმით” განპირობებული დამოკიდებულებები არახალია,მაგრამ გამკვირვებია(!!!) ქართული პოლიტიკური სპექტრის ,,აუღელვებლობა” აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში–ბატონებო,ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ,რომ საქართველოს მტრების მიერ გალის ტერიტორიაზე დაგეგმილი პოლიტიკური და სულიერი დივერსია ქართული ენისადმი ტერიტორიების დაკარგვაზე უფრო საზარელი საფრთხის წინაშე , აფხაზეთში ქართველობისა და ქართული გენის სამუდამოდ დაკარგვის წინაშე,გვაყენებს?! ნუთუ ამ დროს საჭიროა დამატებითი მოწოდებები უკეთურ მომხვდურთა წინააღმდეგ ერთად დგომისა და მედგარი შებრძოლებისათვის?!” – წერს თამაზ ხუბუა.

პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო

საქმე იმაშია, რომ გალის რაიონის მხოლოდ 11 სკოლაში მიმდინარეობდა ქართულ ენაზე სწავლება. აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტრომ თვეების წინ გააკეტა განცხადება დარჩენილი 11 სკოლიდან ქართული ენის ძირითად სასწავლო ენიდან ამოღებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც პოლიტიკოსების გარდა, არც ქართულ მედიას მიუქცევია ყურადღება, სამწუხაროდ.
“თაიმერი” რეგულარულად აშუქებდა დე-ფაქტო აფხაზეთის განათლების სამინისტროს რეფორმებს, რომელზეც ქართულ მხარეს რეგირება არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე არ მოუხდენია.

“იზრდება თაობა, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს აფხაზეთის რესპუბლიკა და რომელიც საქართველოსკენ არ უნდა მიისწაფვოდეს“ – განაცხადა ე.წ. გალის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ.
აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის ყველა სკოლა აფხაზეთის სტანდარტს ერთნაირად უნდა აკმაყოფილებდეს, რამაც გამოიწვია კიდეც ეს რეფორმები.

 

banner
წინა სტატიაშირა ჩაიფიქრა ენერგომაფიამ
შემდეგი სტატიაპირს ბროსნანი აშშ-ს აეროპორტში დანის გამო დააკავეს