გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირადი ნივთები ნაპოვნია

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ქუჩაში დაყრილ ტანსაცმელს, რომელიც სავარაუდოდ, გუშინ მოკლული პოლიციელის სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის, ამ წუთებში ექსპერტები სწავლობენ.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ტანსაცმელთან ერთად ნაპოვნია „რენოს“ ტიპის ავტომობილი, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი.

ცნობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის სამძებრო ღონისძიებებს სამართალდამცველები დღეს დილიდან ახორციელებენ. ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე და ავტობაზრობის ტერიორიაზე, ასევე საცხოვრებელ კორპუსებსა და სავაჭრო ობიექტებში მიმდინარეობდა.

ძიებაში სპეცრაზმი, ასევევ საგამოძიებო სამსახური, კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს ამ საკითხზე ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. გრძალიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება.

მომხდარზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად სკოლის ორი მოსწავლის წასვლას განათლების მინისტრი ეხმაურება
შემდეგი სტატია“ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს ფარგლებს სცდება”