“გადადგეს კულტურის მინისტრი!” – აქცია ქუთაისის პარლამენტის შენობასთან

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

“გადადგეს კულტურის მინისტრი!” – ამ ლოზუნგით აქცია ქუთაისის პარლამენტის შენობასთან გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები საყდრისის საბადოს დაცვის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა საყვირებითა და შეძახილებით ხელისუფლებისაგან საყდრისის საბადოს დაცვა მოითხოვეს.

მათი განცხადებით, კულტურის მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან მან საყდრისთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც საყდრისის საბადოზე არსებული პრობლემა უნდა შეისწავლოს.

აქციის მონაწილეების პოზიციას იზიარებს დეპუტატთა ნაწილი.

დეპუტატი სერგო რატიანი საყდრისის საბადოს ნგრევაში მთავრობის წვლილზე მიუთითებს.

“დამამცირებელია, როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე ძველი საბადო იყო, რომელიც დაინგრა. ამის ინიციატორი იყო მთავრობა და ჩვენ პარლამენტში ვერ ვქმნით კომისიას. ძალიან სამწუხაროა,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კარბელაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, “საქართველომ საყდრისის საბადოს სახით მეორე ოქროს საწმისი დაკარგა.”

“ყველაფერს აკეთებს უმრავლესობა, რომ არ შეიქმნას კომისია. რა დროც არ უნდა გავიდეს, ყველა დამნაშავე და საყდრისის დამანგრეველი პასუხს აგებს იმაზე, რაც გააკეთა,” – განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დევნილთა ახალ საცხოვრებელ ბინებში შესახლების პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკია პატიმრობაში რჩება – საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს გაგრძელდება