“ბუნებაში არ არსებობდა რამე, რაც კომპრომატად გამოგადგებოდათ”-თამაზ თამაზაშვილი ელისო კილაძეს ღია წერილით ეხმაურება

ყოფილი პოლიტპატიმარი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, ჟურნალისტ ელისო კილაძეს ღია წერილით ეხმაურება და მის ბრალდებებს პასუხობს.

თამაზაშვილის განცხადებით, ელისო კილაძე მას წამლის ბარიგად მოიხსენიებს, თუმცა ამის ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვს, რადგან მთელი ცხოვრება ის ნარკოტიკებს, კრიმინალსა და დამნაშავეთა სამყაროს ებრძოდა.

წერილი გაზეთ „ასავალ – დასავალშია“ გამოქვეყნებული.

„ასე რამ გაგაბოროტათ? რამ გააბოროტა ყველა ის ადამიანი (საბედნიეროდ ძალიან მცირე წრე), რომელიც თქვენს პასკვილებს, ტყუილს, ცილისწამებას უპირობოდ იზიარებს? დისკომფორტი შეგექმნათ რამე? სხვა მოლოდინები გქონდათ და ვერ აისრულეთ?

ბუნებაში არ არსებობდა რამე, რაც კომპრომატად გამოგადგებოდათ, იმიტომ რომ მე ნამდვილ ოჯახში გავიზარდე, ავისა და კარგის გარჩევა კარგად ვიცოდი, ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდიდი. იმიტომ რომ ვერც მე და ვერც ჩემს შვილებს ან ნარკოტიკთან, ან რაიმე მძინე დანაშაულთან შემხებლობას ვერავინ წამოაძახებს. გაითვალისწინეთ: გულწრფელად მეცოდებით“, – წერს თამაზ თამაზაშვილი.

თამაზაშვილის განცხადებითვე, ის თავის პროფესიაში პროფესიონალი იყო, ელისო კილაძეს კი ჟურნალისტობა, ტყუილი და ტალახის სროლა ჰქონია.

მისი თქმით, ელისო კილაძის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყნად ან ის იქნება ან თამაზ თამაზაშვილი, გაუგებარია.

„მემუქრებით? მე არსად წასვლას არ ვაპირებ და თქვენი არ ვიცი. აქაც ძალიან ჰგავხართ თქვენსავე მოძღვარს, მიშა სააკაშვილს. ყველა პირობაზე, რაც ციხეში შემომითვალა და უარი მიიღო, განაცხადა: ვიდრე მე ვიქნები, თამაზაშვილი ამ ქვეყანაში ვერ იქნებაო… და ახლა როგორაა? ვინ არის ამ ქვეყანაში – მე თუ სააკაშვილი?

და თქვენ დღეს აცხადებთ, რომ მე და ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალებს“ ვმფარველობთ? იმ „ნაციონალებს“, რომლებმაც მცირეწლოვან შვილთან ერთად გამაჩერეს და დაზიანებული, დამტვრეული ავტომატი ჩამიდეს საბარგულში და სამი წელი და ექვსი თვე საპყრობილეში გამომკეტეს?“, – წერს თამაზაშვილი.

თამაზაშვილი ასევე ამბობს, რომ ელისო კილაძე, მის მიმართ გამოთქმული ცილისმწამებლური განცხადებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: მიხარია, რომ პრემიერის სიმამრი ანონიმშიკობას მორჩა