ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი საქართველოში ჩამოვიდა

ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი საქართველოში ჩამოვიდა. ბულგარეთის პირველ პირს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, ასევე ბულგარეთში საქართველოს და საქართველოში ბულგარეთის ელჩები დახვდნენ.
აეროპორტიდან როსენ პლევნელიევი ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც ბულგარეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება. პირველი პირები მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავენ.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და როსენ პლევნელიევი თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის ადგილსაც მოინახულებენ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება.
ბულგარეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი, ხვალ აჭარაში დასრულდება. როსენ პლევნელიევი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში “საქართველოს ევროპული გზა” მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება თბილისის სტიქიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა